პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს. "საფრანგეთის კონსტიტუციით, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენს საკონსტიტუციო მოდელს , პრემიერი ვალდებულია კვირაში ერთხელ მივიდეს პრეზიდენტთან. დღევანდელი სიტუაცია ნამდვილადაა საგანგაშო. მაშინ, როცა ქალაქის ცენტრში ციხიდან გამოშვებული კრიმინალები ახდენენ საპარლამენტო ოპოზიციის ცემა-ტყეპას, ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული თემაა იმისთვის, რომ აქ პრემიერ-მინისტრი მოსულიყო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აღნიშნულ კონტექსტში ქვეყნის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ მისი წინადადებით საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე დაინტერესდება და პრემიერ-მინისტრი დიალოგში მონაწილეობაზე დათანხმდება.

"პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, რომ აქ მოვიდეს და იმედია, ამას მომავალში აუცილებლად გააკეთებს, რადგან ქვეყანაში არის საგანგებო სიტუაცია. ერთის მხრივ ხდება პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობის უკანონოდ მითვისება, მეორე მხრივ ქუჩაში ოპოზიციის დევნა, მესამე მხრივ კი ეს ყველაფერი ძალიან ასუსტებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს. საქართველო გამოიყურება, როგორც საკმაოდ განუვითარებელი, მსოფლიოს ჩამორჩენილი ქვეყანა, ამიტომ ეს არის ის თემა, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა კეთილი უნდა ინებოს და ჩაერთოს. დიალოგში თქვენს ჩართვას ძალიან ვაფასებთ, მაგრამ ეს უნდა იყოს უფრო მეტად ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საკითხები", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.