სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადებით, კანონი სდსს-ს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას არ ავალდებულებს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადებით, კანონი სდსს-ს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას არ ავალდებულებს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადებით, კანონი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას არ ავალდებულებს.

ასე გამოუხმაურა სდსს-ის პრეს-სამსახური დღეს შს მინისტრის მიერ დიპლომატებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას.

"სახელმწიფო დაცვის პრესსამსახური თავს ვალდებულად თვლის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას უპასუხოს. პრეზიდენტის დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფის ერთობლივი მოქმედებების მუდმივმოქმედი გეგმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების, დაზვერვისა და სახელმწიფო სპეციალური სამსახურების მიერ 2012 წლის აპრილში დამტკიცდა. ამ გეგმის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს დასაცავი პირის მიმართ შესაძლო საფრთხეებთან დაკავშრებით წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და ამ ინფორმაციის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის დროულად მიწოდება, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დახმარების აღმოჩენა და მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ევალებათ. აღსანიშნავია, რომ კანონი "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას არ ავალდებულებს.

8 თებერვალს მუდმივმოქმედი გეგმის თანახმად სდსს-ს მიერ ადგილზე გამოძახებულ იქნენ პოლიციის შესაბამისი ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირები. 15:00 საათზე მოხდა ადგილზე შეხვედრა და მათთვის კონკრეტული დავალებების მიცემა. დაახლებით, 16:00 საათისათვის ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მობილიზებულ აქციის მონაწილეებს ქუთაისიდან ჩამოსული ჯგუფები შეურთდა. 15:00 საათისათვის თბილისის მერიამ უზრუნველყო რკინის ჯებირებით ფურცელაძე-გუდიაშვილისა და ჯორჯაძე-გუდიაშვილის ქუჩების გადაკეტვა. გეგმის მიხედვით, ეს ქუჩები პოლიციის მიერ გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო, როგორც აქციის მონაწილეების, ასევე ავტომანქანებისაგან, რაც პოლიციამ ვერ უზრუნველყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქციის მონაწილეებს მუდმივად ჰქონდათ მცდელობა, შენობის ტერიტორიაზე შეჭრილიყვნენ, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ. შეჭრის მცდელობა უშუალოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი. ალტერნატიული შესასვლელით სარგებლობა შეუძლებელი იყო შემდეგი მიზეზების გამო: 1. გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე სათადარიგო შესასვლელი ცენტრალური შესასვლელიდან სულ რაღაც 20-30 მეტრით იყო დაცილებული და მომიტინგეების მხედველობის არეში მდებარეობდა; 2. ფურცელაძის ქუჩიდან იტალიური ეზოს გავლით ბიბლიოთეკის სამსახურებრივი შესასვლელით სარგებლობა შეუძლებელი იყო, ეზოში აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონი "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა არ ითვალისწინებს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკურ დაცვას ახორციელებს", - ნათქვამია სდსს-ის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტისა და სხვა უმაღლეს თანამდებობის პირთა დაცვით ღონისძიებას არა შსს, არამედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს.

როგორც ღარიბაშვილმა დღეს სამინისტროში დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა, 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციტენტის დროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი ღონისძიება არ გაატარა.