პრეზიდენტის ადმინიტრაცია შს მინისტრის განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს

პრეზიდენტის ადმინიტრაცია შს მინისტრის განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს

პრეზიდენტის ადმინიტრაცია შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს და აცხადებს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მხოლოდ პოლიციას ევალება.

"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ გაკეთდა განმარტება, ჩვენ საჭიროდ ვთვლით, გამოვეხმაუროთ იმ შეფასებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. ვწუხვართ, რომ ამ თემაზე კიდევ ერთხელ გვიწევს კომენტარის გაკეთება, მაგრამ იძულებული ვართ გამოვეხმაუროთ იმ არაკომპეტენტურ შეფასებას, რომელიც დღეს გაკეთდა, იმიტომ რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არ გახლავთ ის უწყება, რომელსაც ევალება საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება და წესრიგის დამრღვევთა წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება, საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ვალდებულება მხოლოდ პოლიციას აქვს კანონმდებლობით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხრიდან ამ ფუნქციის განხორციელების აუცილებლობა არ დამდგარა იმის გამო, რომ დასაცავი ობიექტი როგორც ვიცით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო არაერთხელ იყო გაფრთხილებული მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ და მივმართავთ ყველას, შეწყდეს საზოგადობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა და პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალება", - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტისა და სხვა უმაღლეს თანამდებობის პირთა დაცვით ღონისძიებას არა შსს, არამედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს.

როგორც ღარიბაშვილმა დღეს სამინისტროში დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა, 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციტენტის დროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი ღონისძიება არ გაატარა.

ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის იურისდიქციის ქვეშ მყოფი სამოქალაქო სტრუქტურაა, გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული შსს-სთან კავშირი პრაქტიკულად გაწყვიტა, რაც ღარიბაშვილის შეფასებით, "მიუღებელი და საფრთხის შემცველი პროცესია".

მისივე თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ძალოვან უწყებებთან ერთად უნდა შეემუშავებინა ერთობლივი დაცვითი ღონისძიებების უზრუნყველსაყოფად ერთჯერადი გეგმა, ასევე არ განხორციელებულა ერთობლივი ჯგუფის მიერ ობიექტის წინასწარი მონახულება, რომლის დროსაც უნდა განსაზღვრულიყო პოლიციის სამოქმედო არეალი და ასევე ქალაქის მერიიდან დაცვითი ჯებირები არ გამოუთხოვია.

"სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მხოლოდ 15:00 საათისთვის ჩვენგან მოითხოვა საპატრული პოლიციის ერთი ეკიპაჟი და რაიონულ პოლიციელთა ადგილზე გამოცხადება. ჩემი ბრძანების თანახმად, მე ერთის ნაცვლად 55 საპატრულო ეკიპაჟი გავგზავნე და დაახლოებით 100-მდე ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ჯამში 200 პოლიციელი. ჩვენ 2 საათში ფორსმაჟორულ სიტუაციაში შევძელით მობილიზება და ორი კორიდორის გაკეთება, რისთვისაც მინდა, ყველა იქ მყოფ პოლიციელს მადლობა გადავუხადა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.