თბილისის მიკროავტობუსებში ვიდეოკამერები დამონტაჟდება

თბილისის მიკროავტობუსებში ვიდეოკამერები დამონტაჟდება

თბილისის მიკროავტობუსებში შესაძლოა მიმდინარე თვეში ვიდეოკამერების დამონტაჟება დაიწყოს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ასანიძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, კომპანიის კუთვნილ მიკროავტობესებში კამერების დამონტაჟება ხელს შეუწყობს მგზავრთა უსაფრთო გადაადგილებას და, რაც მთავარია, მძღოლების ყოველდღიურ შემოსავალს გამჭვირვალეს გახდის. ასანიძის განცხადებით, მიკროავტობუსების მძღოლები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ მათი ყოველდღიური შემოსავალი დღიურად განსაზღვრულ გადასახადზე ნაკლებია. მისი ინფორმაციით, მძღოლების დღიურად შესატანი თანხა ხაზების მიხედვით დიფერენცირებულია. ვიდეო კამერების დამონტაჟების შემთხვევაში კომპანია მგზავრთა რაოდენობას დაითვლის. ამის მიხედვით დადგინდება მძღოლთა შესატანი დღიური თანხაც.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ისიც აღნიშნა, რომ მძღოლების ნაწილი ვიდეო-კამერების დამონტაჟებაზე უარს აცხადებს, რაც მისთვის გაუგებარია. მისი თქმით, ვიდეოკამერების დამონტაჟება პირველ რიგში იმ მიკროავტობუსებში მოხდება, რომელთა დადგმაზე მძღოლები თანახმა არიან. შემდეგ კი ყველა სამარშრუტო ტაქსზე გავრცელდება. ასანიძის ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობა ამ მომენტისთვის დასამონტაჟებელი ვიდეოკამერების ტიპს არჩევს.