მაია ფანჯიკიძემ ბელორუს კოლეგასთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ და სავაჭრო პროექტებზე გაამახვილა

მაია ფანჯიკიძემ ბელორუს კოლეგასთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ და სავაჭრო პროექტებზე გაამახვილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელორუს კოლეგასთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ და სავაჭრო პროექტებზე გაამახვილა . 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი საქართველოში ჩამოსულია აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში. მისივე ცნობით, შეხვედრას პირველ რიგში გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, რადგან ვლადიმერ მაკეი ამ პოსტზე ახალი დანიშნულია.
"თუმცა, ჩვენ განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძალიან ფართო სპექტრი, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ეკონომიკურ და სავაჭრო პროექტებს, რომელთა განხორციელება შეიძლება ჩვენს ორ ქვეყანას შორის. აგრეთვე ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობაზე. აქ არის ძალიან დიდი პოტენციალი, რომელიც არ არის გამოყენებული. ვისაუბრეთ ასევე ტურიზმზე და გადავწყვიტეთ, რომ შემდეგ დავაკავშირებთ ერთმანეთთან შესაბამის უწყებებს და ისინი უფრო კონკრეტულად განიხილავენ თანამშრომლობის გზებს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წარსულიდან პოზიტიურ ურთიერთობებს აიღებენ და ახალ იმპულსს მისცემენ თანამშრომლობას. როგორც ვლადიმერ მაკეიმ აღნიშნა, შეხვედრაზე რიგი პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. მისივე თქმით, არის კონკრეტული წინადადებები, რომელიც მათ ქართულმა მხარემ შესთავაზა, რაც მისაღებია.

"ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობა საერთაშორისო ასპარეზზე. მოხარული ვარ, რომ შედგა ღია და გულწრფელი შეხვედრა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან", - განაცხადა ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ ასეთი კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდეს.