დავით ბაქრაძე:

დავით ბაქრაძე: "ხელისუფლებასთან საუბრისა და გონივრული კომპრომისებისთვის მზად ვართ"

საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, "უმცირესობა ხელისუფლებასთან საუბრისა და გონივრული კომპრომისებისთვის მზადაა".

"მე შემიძლია, კიდევ ერთხელ დავადასტურო შეხვედრის მზადყოფნა, როგორც ჩემი, ასევე პრეზიდენტის მხრიდანაც. ჩვენი სურვილია, რომ ეს არ იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის, არამედ - მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს და ჩვენი ხედვით და შეფასებით ეს შედეგი საქართველოში სიმშვიდის პოლიტიკური მდგრადობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამას ქვეყნის გრძელვანიადიანი განვითარებისთვის ნორმალური გარემოს შექმნა სჭირდება, ასევე კონსტიტუციური სტაბილურობა. პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ არა ხელების გადაგრეხვის არამედ ნორმალური დიალოგის გზით. ამასთან ქვეყნის საგარეო კურსის უწყვეტობა და უცვლელობა სჭირდება. ეს არის ის საკითხები, რაზეც ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ", - განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან, ბაქრაძის თქმით, მას შეხვედრის წინ დეტალებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.

"არასწორად მიმაჩნია რაიმე ფორმით ულტიმატუმების წაყენება ერთმანეთისთვის. დღეს ამ ეტაპზე შეხვედრის წინ მე მხოლოდ იმას ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის, გონივრული კომპრომისებისთვის და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მართლაც იყოს სამოქალაქო მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენმა ქვეყანამ ნორმალური განვითარება გააგრძელოს", - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 20:00 სთ-ზე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეხვედრა გაიმართება.