ირაკლი ღარიბაშვილი:

ირაკლი ღარიბაშვილი: "გიგი უგულავას განცხადება თავნება ფეოდალს მაგონებს"

შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თბილისის მერი გიგი უგულავა თავნება ფეოდალს აგონებს.

ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ქალაქის მერის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

"სამარცხვინოა ის, რომ ქალაქის მერი უარს ამბობს დაკითხვაზე მისვლაზე. მისი ლოგიკით რომ ვიხელმძღვანელოთ, პედაგოგები, მწვრთნელები, მუშები, სპორტსმენები სკოლებში, სპორტდარბაზებში, საამქროებში უნდა დავკითხოთ. ეს ალბათ, მისთვის მისაღებია, მაგრამ ვიდრე ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, პრივილეგირებულთა კლასი აღარ იარსებებს. შეიძლება, ეს წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. უგულავა უნდა მოიქცეს ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი სხვა მოქალაქე. ის არ არის რომელიმე სხვა მოქალაქეზე უპირატესი. მისი განცხადება თავნება ფეოდალის განცხადებას მაგონებს. ეს ეპოქა საქართველოში არ არის და აღარ განმეორდება. ჩვენ ვიცავთ კანონს და კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მერის გიგი უგულავას მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულებითი ღონიძიებების გამოყენების თაობაზე, სამართლებრივად არასწორია.

"მინისტრი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ მე უარს ვამბობ დაკითხვაზე. მე უარს ვამბობ მხოლოდ პოლიციაში მისვლაზე და ამით, პირველ რიგში, რიგითი პოლიციელებისა და გამომძიებლების ღირსებას ვიცავ, რადგან არ მსურს, ისინი კიდევ ერთხელ გახდნენ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ინსტრუმენტები ოპოზიციასთან ბრძოლაში. ჩემი დაკითხვა მხოლოდ თვალთმაქცობის მიზნით ხორციელდება. მე ჩემს აზრს არ ვიცვლი და გამომძიებელს კვლავ თბილისის მერიაში ველოდები. თუ შინაგან საქმეთა მინისტრს საკუთარი და მისი უწყების ღირსების დაცვა უნდოდა, ეს მას საჯარო ბიბლიოთეკასთან უნდა განეხორციელებინა და დანაშაულებრივი უმოქმედობისკენ პოლიციელებისათვის არ უნდა ებიძგებინა, ხოლო სიტუაცია სამართავად ნანა კაკაბაძისთვის არ უნდა გადაეცა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც შინაგან საქმეთა მინიტრის პოზიცია სამარცხვინოა", - აცხადებს გიგი უგულავა.