გიორგი გაბაშვილი – ღარიბაშვილის ბრიფინგის შემდეგ გაირკვა, რომ 8 თებერვლის დარბევა ივანიშვილის დავალებით მოხდა

გიორგი გაბაშვილი – ღარიბაშვილის ბრიფინგის შემდეგ გაირკვა, რომ 8 თებერვლის დარბევა ივანიშვილის დავალებით მოხდა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ დადასტურდა და გაირკვა, თუ ვინ იყო 8 თებერვლის დარბევის ორგანიზატორი.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი პრესკონფერენციით დამტკიცდა, რომ ეს მოხდა ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, ხოლო მისი უშუალო ორგანიზატორი იყო შს მინისტრი.

"დღეს შს მინისტრი მისთვის სრულიად სამარცხვინოდ, 10 წუთის განმავლობაში უცხოელ დიპლომატებს აჩვენებდა იმ სამარცხვინო დარბევას და ქაოსს, აჩვენებდა თავისი ზონდერჯგუფების მიერ ჩატარებულ ცემა-ტყეპას, რომელსაც ჰქონდა ადგილი 8 თებერვალს, ცდილობდა აეხსნა, რომ ეს იყო ის უსაფრთხო დერეფანი და ის უსაფრთხო გარემო, რომელიც იმ დღეს შს სამინისტრომ შექმნა და რომლითაც უნდა ესარგებლა თურმე უმცირესობას", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში არ არსებობს ხელშეუხებელთაA კასტა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ უბრალო მოქალაქეებზე, პარლამენტარებზე ფიზიკური ხელის შეხების ფასი დადგენილია. ეს არის 100 ლარიდან – როგორც ვაჩნაძეს და სხვებს დააკისრეს, 2000 ლარამდე, რომლის დაკისრებასაც ითხოვენ იმ ადამიანზე რომელმაც ჩიორა თაქთაქიშვილს სახეში ხელი ჩაარტყა", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

რაც შეეხება ხელშეუხებლობას, დეპუტატი ამბობს, რომ როგორც ჩანს, ხელშეუხებელთა კასტა საქართველოშიAმართლაც არსებობს - ეს არის იმ კრიმინალთა დაჯგუფება, რომელსაც ხელმძღვანელობს ნანა კაკაბაძე და უფრო ქვედა დონეზე მელორ ვაჩნაძე და სხვები.

"ეს არის კრიმინალთა ხელშეუხებელი კასტა, რომელთაც აქვთ უფლება ჩაშალონ დარბევით და ცემა-ტყეპით პრეზიდენტის გამოსვლა, ფიზიკურად გაუსწორდნენ დეპუტატებს და ამაზე შს სამინისტროს ასეთი სამარცხვინო რეაქცია ექნება", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

მისივე თქმით, ეს პირველ რიგში პოლიციას აყენებს შეურაცხყოფას, რომელსაც არ უნდა მისცე ბრძანება, იყოს პასიური და უყუროს, როგორც სცემენ ქუჩებში ადამიანებს, როგორ უსწორდებიან პარლამენტარებს.

ამასთან, გაბაშვილი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც. კერძოდ, დეპუტატი აცხადებს, რომ ქაოსი, რომლის საფრთხეზეც ივანიშვილი საუბრობდა, ქვეყანაში უკვე არის.
"ეს არის ნამდვილი ქაოსი, რაც ხდება, როდესაც თბილისის ქუჩებში ნორმალურად გადაადგილების საშუალება არ ეძლევა ხალხს. როცა ხდება ასეთი შეტაკებები და დარბევები კრიმინალების ხელით", - დასძინა გიორგი გაბაშვილმა.