გიორგი გაბაშვილი - პრეზიდენტისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრის წინ, წინაპირობას არ ვაყენებთ

გიორგი გაბაშვილი - პრეზიდენტისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრის წინ, წინაპირობას არ ვაყენებთ

პრეზიდენტისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრის წინ, "ნაციონალური მოძრაობა" არანაირ წინაპირობას არ აყენებს, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გაბაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მას არ ჰგონა, რომ რაიმე წინაპირობის დაყენება სწორი იყო ამ შეხვედრის წინ.

"მე ვფიქრობ, რომ თემები განსაზღვრულია. ჩვენ უნდა ვისაბროთ იმ თემებზე, რომელიც აწუხებს უმრავლესობას და რომელიც ჩვენ უმცირესობას გვაწუხებს. ჩვენ გვაწუხებს თემები, რომელიც აქტუალურია ქვეყნისათვის და არა ჩვენი თანამდებობისთვის და სკამებისთვის. შესაბამისად, პარლამენტის ქუთაისში დარჩენა ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. მისივე თქმით, ასევე უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ ერთ პარტიას არ შეეძლოს საქართველოში შეცვალოს პოლიტიკური სისტემა იმდაგვარად, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გააუქმოს საერთოდ ან კონსტიტუციურმა ქვორუმმა აიწიოს და როგორც გაბაშვილი აცხადებს, ამ საკითხებზე ქვეყანა დაზღვეული უნდა იყოს.

"ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური კურსზე იყოს საუბარი. ასევე ძალიან მაღალი კვორუმით უნდა იყოს საუბარი, ასევე ძალიან მაღალი კვორუმით უნდა იყოს დაცული ქვეყანა იმისაგან, რაც სრულიად აშკარად ჩანს, რომ არის ამ მთავრობის ჩანაფიქრი და გეგმა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დათმოს საქართველოს სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი ინტერსები იმისთვის, რომ თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე არ იქნება არანაირი ტაბუირებული თემა.