ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფს პრევენციის მექანიზმის ექსპერტები ჩაანაცვლებენ

ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფს პრევენციის მექანიზმის ექსპერტები ჩაანაცვლებენ

ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც გიორგი ტუღუშის სასჯელაღსრულების მინისტრობის პერიოდში შეიქმნა, პრევენციის მექანიზმის ექსპერტები ჩაანაცვლებენ . 

ამასთან დაკავშირებით სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შეხვედრა გაიმართა, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, ასევე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ ახალი მონიტორები არა სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში, არამედ სახალხო დამცველის დაქვემდებარებაში იქნებიან. კერძოდ, როგორც უჩა ნანუაშვილმა არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერთა სია შედგება კონკურსის საფუძველზე და დაახლოებით 30-კაციანი მონიტორების ჯგუფი გააკონტროლებენ, ისევე როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებს, ასევე სხვადასხვა ტიპის დახურულ დაწესებულებებს, როგორიც არის ფსიქიატრიული საავადმყოფო, ბავშვთა სახლები და დროებითი მოთავსების იზოლატორი.

ამასთან, უჩა ნანუაშვილის განმარტებით, ჯგუფი იქნება მუდმივი, თუმცა მის წევრებს ექნებათ მონიტორინგის განხორციელების გარკვეული ვადები.

"სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, გადახალისდება და საზოგადოებრივი მონიტორინგის გაძლიერების მიზნით კიდევ უფრო გაფართოვდება ეროვნული პრევენციის მექანიზმში მონაწილე ექსპერტთა სია. აღნიშნულ სიაში მოხვედრა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს და შერჩეული იქნება საზოგადოების მხრიდან მაღალი სანდოობის მქონე კომისიის მიერ. ყოვლისმომცველი, ეფექტური, ობიექტური და დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელებისთვის ხსენებული სია გააერთიანებს სხვადასხვა პროფილის მქონე ექსპერტებს, კერძოდ სასჯელაღსრულების სფეროში მონიტორინგის მქონე იურისტებს, რომლებიც არ ეწევიან კერძო საადვოკატო საქმიანობას და სხვა პირებს, ასევე საერთო პროფილის მქონე ექიმებს, რომელთაც გააჩნიათ წამების არასათანადო მოპყრობის კვალის იდენტიფიცირების გამოცდილება, ფსიქიატრებს, ასევე ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკს, არასრულწლოვანთა, მართლმსაჯულების სფეროში გამოცდილების მქონე ექსპერტს, სამხედრო ჰაუბახტებისა და ნაწილების მონიტორინგის ექსპერტს, გენდერის საკითხებზე მომუშავე ექსპერტს, შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ექსპერტებს რეგიონებიდან", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე თუ რატომ არ არის ჩამონათვალში მედიის წარმომადგენლები, უჩა ნანუაშვილმა განმარტა, რომ ჩამონათვალის პირველ ნაწილში, რომელიც სასჯელაღსრულების სფეროში მონიტორინგის გამოცდილების მქონე იურისტებს და სხვა პირებს გულისხმობს, ეს სხვა პირები არ არის გამორიცხული, რომ იყვნენ მედიის წარმომადგენლები, თუკი მონიტორინგის გამოცდილება გააჩნიათ.

ამასთან კომენტარი გააკეთა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ არც ერთ ქვეყანაში ჟურნალისტები მონიტორინგის ჯგუფში არ არიან და მისი თქმით, ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. ამასთან, სოზარ სუბარის განცხადებით, ციხეები მედიისთვის არ დაიკეტება და პერიოდულად მოხდება ჟურნალისტების შესვლა.
"თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტები პირდაპირ ეთერებს ციხიდან გააკეთებენ, მაგრამ გარკვეული პერიოდულობით მე ვუზრუნველყოფ, რომ მედიის წარმომადგენლებს ციხეში შესვლის საშუალება მიეცეთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც მედიის წარმომადგენელბისთვის გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, სასჯელაღსრულების სფეროში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე გადაწყვიტა არ შემოიფარგლოს მხოლოდ ყოველწლიურად პარლამენტისადმი წარდგენილი ან სასჯელაღსრულების სფეროში არსებული სიტუაციის ანგარიშით და ყოველკვარტლურად მონიტორინგის შედეგების შესახებ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია სპეციალური ყოველკვარტლური ბიულეტენების მეშვეობით. რაც შეეხება ახალი მონიტორინგის ჯგუფის დაქვემდებარების შეცვლას, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ საკუთარ თავს თვითონ არ უნდა აკონტროლებდეს და ამას უნდა უზრუნვეყოფდეს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი.