გია თორთლაძე დაკითხვაზე დაიბარეს

გია თორთლაძე დაკითხვაზე დაიბარეს

დეოკუპაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი დეპუტატი გია თორთლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული . როგორც "ინტერპრესნიუსს" თორთლაძემ განუცხადა, საგამოძიებო სამსახურში 18:00 საათზე მივა. 

"მიბარებენ დეოკუპაციის ცენტრთან დაკავშირებით. დეტალები არ ვიცი. იქიდან რომ გამოვალ, მერე გეტყვით. მათ უკვე წაიღეს დოკუმენტაცია და კითხვებს დღეს დამისვამენ. ეს არის პირდაპირი ზეწოლა და პირდაპირი ანგარისშწორება ივანიშვილისა ჩემს მიმართ, რადგან მე მას ვაკრიტიკებდი"-აცხადებს თორთლაძე.

ამასთან, გია თორთლაძის წინააღმდეგ სახელმწიფო ქონების გასხვისების საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 7 თებერვალს დაიწყო. სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნათია სუხიაშვილის თქმით, 2012 წლის 5 სექტემბერს საქართველოს კულტურის სამინისტროდან პროექტის "საქართველო ოკუპანტების გარეშე" ორგანიზების მიზნით, "საქართველოს დეოკუპაციის ცენტრს", რომელსაც გია თორთლაძე ხელმძღვანელობს, 350 000 ლარი ჩაერიცხა. ამავე პროექტის ფარგლებში, ცენტრისთვის უსასყიდლოდ და უვადოდ სარგებლობაში გადაცემული იქნა 104 602 ლარად ღირებული ავტომანქანა "ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო".

სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი კრძალავს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ ქონების გასხვისებას და როგორც ნათია სუხიაშვილმა აღნიშნა, დეოკუპაციის ცენტრის დირექტორმა გია თორთლაძემ არ გაითვალისწინა აღნიშნული კანონი და მოთხოვნა და ავტომანქანა "ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო" 2013 წლის 4 იანვარს გაასხვისა 50 000 ამერიკულ დოლარად. თანხა კი მოიხმარა პირადი მიზნებისთვის.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ გია თორთლაძესთან დაკავშირებით საქმის აღძვრა უკავშირდება მთლიანად დეოკუპაციის ცენტრის საქმიანობის გამოძიებას. საქმეზე გამოძიება დაიწყო 2013 წლის 23 იანვარს და ამ გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული ცენტრის ოფისიდან ფინანსური დოკუმენტაციაც ამოიღეს.

გია თორთლაძე კი აცხადებს, რომ ავტომანქანა მთავრობის განკარგულებით უვადოდ და უსასყიდლოდ გადაეცა, ხოლო მას შემდეგ, რაც ცენტრს ვალი დაედო, მანქანა გაყიდა და ავტომობილის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ბიუჯეტში შეიტანა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია.