"ნაციონალი" დეპუტატების ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დეპუტატების ჩიორა თაქთაქიშვილის, სერგო რატიანის და გიგა ნასარიძის ფიზიკურ შეურაცყოფაში ბრალდებულ გელა მამალაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

სხდომაზე პროკურორმა გოჩა ქირაიამ გელა მამალაძეს პარლამენტარების, ჩიორა თაქთაქიშვილის, სერგო რატიანისა და მოქალაქე გიგა ნასარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, 239-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით წაუყენა ბრალი და გირაოს სახით 2 000 ლარის გადახდა მოითხოვა 20 დღის ვადაში. გელა მამალაძის ადვოკატმა ვახტანგ თანიაშვილმა განმარტა, რომ გელა მამალაძე უმუშევარია, მას არ გააჩნია უძრავი ქონება, არის მრავალშვილიანი და ჰყავს ავადმყოფი მამა. ამის გამო ადვოკატმა მოსამართლეს სთხოვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 1 000-ლარიანი გირაო დაკისრებოდა, რომელსაც 30 დღის განმავლობაში გადაიხდიდა. თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 2 000 ლარის გადახდამდე გელა მამალაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. წინასასამართლოს სხდომა 2013 წლის 21 მარტს ჩაინიშნა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ვახტანგ თანიაშვილმა განაცხადა, ესაუბრა გელა მამალაძეს, რომელმაც განმარტა, რომ 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის დროს, მისი თვითმიზანი არ ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა დაზარალებულებისთვის და რეაქცია ჰქონდა გინებაზე.
როგორც ვახტანგ თანიაშვილი აცხადებს, გელა მამალაძე აღიარებს ბრალს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

ამასთან, როგორც პროკურორმა პროცესზე განაცხადა, გელა მამალაძის ხელი სახეში მოხვდა პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილს, ხოლო ფიზიკური დაზიანება მიიღო სერგო რატიანმა, ასევე სახე დაუზიანდა გიგა ნასარიძეს.