ირაკლი ფირცხალავა – ბუტა რობაქიძის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის

ირაკლი ფირცხალავა – ბუტა რობაქიძის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის

ბუტა რობაქიძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ფირცხალავა , აცხადებს, რომ საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის. 

როგორც ფირცხალავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საინტერესოა, რატომ არ დადგა საპატრულო პოლიციის იმ ეკიპაჟის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პირველები მივიდნენ და რატომ არ აქვს გამოძიებას მათთან შეკითხვები.

შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი არ გამორიცხავს, რომ ბუტა რობაქიძის და მის მეგობრებს იარაღი ჩაუდეს, თუმცა აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც კრიმინალური პოლიცია ადგილზე გამოცხადდა, იქ აღმოჩენილი მტკიცებულებები უკვე ეჭვის საფუძველს აღარ აღძრავდა.

"მე პროცესზეც და მის შემდეგ ვადასტურებდი იმას, რაც მომიყვნენ. როგორც ამბობდნენ, საპატრულო პოლიციის მიერ იყო შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იარაღი. საქმეზე მე წამიყენეს ბრალი და მივიჩნევ, რომ ეს არის პიარკამპანია, რადგან გამოძიებას სურდა, საქმეში რაც შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის გვარი გამოკვეთილიყო. არ მინდა ვინმეს ხელი დავაფარო, მაგრამ თვითონ გამოძიებით არის დადგენილი, რომ შემთხვევის ადგილზე 15-20 წუთში მივიდნენ გურამ დონაძე, მიქაძე და სხვები. სანამ ისინი იქ მივიდოდნენ, ადგილზე უკვე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფი. საინტერესოა, რატომ არ დააკავეს ეს ადამიანები", - აცხადებს ფირცხალავა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გირგვლიანის და რობაქიძის გვერდით ვაზაგაშვილის გვარის ხსენება მიუღებელია. შსს-ს ასევე, ყოფილი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტროს წინ გახსნილ მემორიალზე ე.წ. კანონიერი ქურდებისა და "ავტორიტეტების" სახელი და გვარი არ უნდა იყოს ამოკვეთილი.

"რუსთავის მეორე კოლონიის მაყურებელს საშა ხუბულოვს გაუხსნეს მემორიალი, რომელიც არის კალაშოვის დაჯგუფების წევრი", - აცხადებს ფირცხალავა.