დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის სასახლეში მივა

დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის სასახლეში მივა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის შეთავაზებას დათანხმდა და 20 საათისთვის ავლაბრის რეზიდენციაში მივა. ბესელიას ინფორმაციით, შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები პრემიერმინისტრთან შეთანხმდება.

„პრეზიდენტი 20:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში ელოდება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მის განცხადებაში დასახელებულია მომლაპარაკებლად“, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი გაბაშვილმა „რუსთავი2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გააკეთა. მისი თქმით, თუკი ბიძინა ივანიშვილის მზადყოფნა რეალურია, უსუფაშვილი უნდა მივიდეს ამ შეხვედრაზე.

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას არასოდეს არავისთვის მოუწოდებია „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებისკენ. ივანიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე მზადაა, პრეზიდენტს შეხვდეს და პროცესების განვითარების კვალდაკვალ, ამ შეხვედრაში თავად პრემიერმაც მიიღოს მონაწილეობა.