ალექსი პეტრიაშვილი - ლატვიელებმა კარგად იციან, რომ საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია

ალექსი პეტრიაშვილი - ლატვიელებმა კარგად იციან, რომ საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია

საქართველოს ლატვიელმა პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ოჯარს ერიკ სკალნინსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ლატვიელებისთვის კარგად არის ცნობილი და ისინი აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას.
რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის თემებს, მინისტრის განმარტებით, საუბარი შეეხო ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებებს და ნატო-სთან ყოველწლიური ეროვნული პროგრამის მეხუთე დოკუმენტის შემუშავებას.

"მათ მოისმინეს ჩვენგან, როგორ მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები და რა გეგმები გვაქვს უახლოეს მომავალში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია. ეს არის ევროპა და ნატო და ამ მიმართულებით ჩვენ სვლას განვაგრძობთ. ვისაუბრებთ იმაზეც, რომ ამავე დროს ჩვენ შევეცდებით მოვახდინოთ ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენს მეზობელთან, კონკრეტულად რუსეთთან", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ოჯარს ერიკ სკალნინსმა კი აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან მიეცა საშუალება კიდევ ერთხელ შეხვედროდა ალექსი პეტრიაშვილს, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ რიგაში შეხვდა.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობაში კვლავაც არსებობს მზაობა გაგრძელდეს ის მიმართულება, რომელიც არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. ლატვია კვლავაც მხარს დაუჭერს საქართველოს საგარეო კურსს", - განაცხადა კალნინსმა.

მისივე თქმით მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში და იქაც საქართველოს მხარდამჭერი იქნება.