ირაკლი ღარიბაშვილი 112-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი 112-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო

11 თებერვალს, 112-ის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, 112-ის ოფისში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და 112-ის ხელმძღვანელი, გიორგი ბიჭაშვილი დაესწრნენ. ასევე, ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, რომელთაც 112-ის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. აღინიშნება 112-ის საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველოში პირველად ვზეიმობთ. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ამ სამსახურის ცნობადობა და ის თუ რას წარმოადგენს 112", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, მან ჟურნალისტებს 7 წლის ბიჭი გააცნო, რომელმაც, მინისტრის ინფორმაციით, 112-ზე დარეკვით დედა გადაარჩინა.

"ამ ბიჭმა გადაარჩინა დედა, რომელიც იყო ძალიან ცუდად. მან დარეკა 112-ში, რის შემდეგაც ადგილზე მოხდა სასწრაფო დახმარების დროულად მისვლა. ჩვენი მიზანია, ყველამ, ეს იქნება დიდი თუ პატარა, იცოდეს ამ სამსახურის შესახებ", - აღნიშნა მინისტრმა.

თავად 112-ის დირექტორის, გიორგი ბიჭაშვილის განცხადებით, სამსახურის ფუნქციონირების, ერთი წლის განმავლობაში 112-მა 3 მილიონზე მეტი ადამიანის ზარს მისცა მსვლელობა.

"ჩვენ ბევრ ადამიანს აღმოვუჩინეთ დახმარება. დაახლოებით 3 მილიონზე მეტ ზარს მიეცა მსვლელობა", - აღნიშნა გიორგი ბიჭაშვილმა.

112-ზე დარეკვა საქართველოში მოქმედი ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელიდან შეიძლება, ზარის განხორციელება უფასოა და დარეკვა ორმხრივად გათიშვისას, თუ სიმბარათის არარსებობს შემთხვევაშიც შესაძლებელია. 112, დედაქალაქის მასშტაბით, ასევე უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების ეფექტურ მართვას, გზაჯვარედინებზე დამონტაჟებულ შუქნიშნების მონიტორინგის გზით, რაც ხელს უწყობს შეუფერხებელ მოძრაობასა და შუქნიშნის წითელ სიგნალზე ლოდინის ხანგრძლივობის შემცირებას.

საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი 112 ერთი წელია რაც ფუნქციონირებს.