ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებებია შესატანი და შესაძლოა, ეს საკითხი უახლოეს ორ კვირაში დადგეს, - ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის პირველი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განმარტა, კანონი ხარვეზიანი და შესაცვლელია.

"ჩვენ შევძელით, ფარული მიყურადებაზე სასამართლოს მიერ ნებართვის გაცემის სტანდარტი აგვემაღლებინა, მაგრამ დისკუსიებიც დაამტკიცებს და, ჩემი აზრითაც, ეს კანონი არის შესაცვლელი. შეიძლება ეს საკითხი უახლოეს ორი კვირის განმავლობაში დადგეს. ეს ცვლილება შეიძლება ეხებოდეს უფრო მკაფიოდ გაწერას, თუ რა მოეთხოვება პროკურატურას, რომელიც სასამართლოში მიდის ნებართვის აღების თხოვნით. ამჟამად კანონში თითქმის არაფერი წერია ამაზე", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

ამასთან, კუბლაშვილმა სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის მუშაობის პერსპექტივაზეც ისაუბრა და, როგორც აღნიშნა, ახლად შექმნილი ჯგუფი სთავაზობს დიალოგს არა მხოლოდ პროკურორებსა და ადვოკატებს, არამედ არასამთავრობო და საერთაშიროსო ორგანიზაციებს, ამ სფეროს წარმომადგენელ პროფესორ-მაწავლებლებს, ყველა პრობლემატურ საკითხზე იმსჯელოს.
"მთავარია, რომ შეხვედრები იყოს ღია. რაც შეეხება შედეგს, მოხდება მათთვის ინფორმაციის მიწოდება და მათგან ინფორმაციის მიღება. ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება აღნიშნული ჯგუფის მუშაობით მოხდეს, შესაძლოა, მივიდეთ რომელიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილებების აუცილებლობამდე", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, უზენაეს სასამართლოს უკვე განსაზღვრული აქვს საკითხები, თუ რაზე უნდა იმუშაოს ჯგუფმა.

"ახლა ის დროა, როდესაც საზოგადოების ყველა იმ ჯგუფის წარმომადგენელი, რომელსაც შეხება აქვს მართლმსაჯულებასთან, შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ საინტერესო საკითხებზე. ადრინდელ კონფერენციებზე თეორიულად ვმსჯელობდით, ახლა უმჯობესია, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ. ბევრი კითხვა არსებობს - რატომ იღებს სასამართლო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, რატომ შედის პროკურატურა უფრო მეტი გირაოს თხოვნით და ამ საკითხებით ადვოკატებიც არიან დაინტერსებული. სწორედ აქედან გამომდინარე, დიალოგს ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ მხარეს", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

შეხვედრას როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე ესწრება.