ირაკლი ღარიბაშვილი - სამარცხვინოა, რომ ქალაქის მერი უარს ამბობს დაკითხვაზე მისვლაზე

ირაკლი ღარიბაშვილი - სამარცხვინოა, რომ ქალაქის მერი უარს ამბობს დაკითხვაზე მისვლაზე

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერის, გიგი უგულავას მიერ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარის თქმას სამარცხვინოს უწოდებს. 

"იქნება ეს გიგი უგილავა, თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, ყველა თანაბარია კანონის წინაშე. ჩემთვის გაუგებარი და სამარცხვინოა, რომ ქალაქის მერი უარს ამბობს დაკითხვაზე მისვლაზე. ვფიქრობ, რომ ესაა დიდი პრობლემა. როგორც ჩანს, საქართველოში არსებობდა პრივილეგირებულთა კასტა. ჩვენს ხელისუფლებაში ეს ასე აღარ იქნება. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, რომ პირი, მით უმეტეს ქალაქის მერი, აღიარებდეს კანონის უზენაესობას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აღნიშნულ კონტექსტში მან ყველას, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებს კანონის პატივისცემისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებ ყველას, კანონს სცენ პატივი. აღიარონ მისი უზენაესობა. ასევე, სცენ პატივი გამოძიებას და სამართალდამცავ ორგანოებს. კანონში კარგად არის გაწერილი, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდება გამოძიებაზე. მივმართავ ყველას, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ არავინ დაარღვიოს კანონი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა იძულებითი ღონისძიებების გამოყენება "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმოადგენლების მიმართ, მინისტრის განმარტებით, საგამოძიებო ორგანო იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

ამასთან, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, თუ თბილისის მერი გიგი უგულავა დაკითხვაზე არ მივა, მის მიმართ იძულებითი ღონისძიებები განხორციელდება.