დავით ნარმანია ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს ხვდება

დავით ნარმანია ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს ხვდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა საქართველოში მოქმედ ქართულ და უცხოური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარეობს.

როგორც რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია აცხადებს, დღევანდელ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები მიიღებენ სრულ ინფორმაციას დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების და მათთან დაკავშირებული ტენდერების შესახებ.

"ჩვენ მათ ვაცნობთ, როგორც ჩვენი ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტების ძირითად მიმართულებებს, რომლისთვისაც განსაზღვრული თანხა საერთო ჯამში 901 მილიონ ლარს შეადგენს, ასევე, 50-მილიონიან სოფლის მხარდაჭერის პროგრამას და 200-მილიონიან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს, რომლისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან რესურსები გამოყოფილია", - განაცხადა ნარმანიამ.

დავით ნარმანიას თქმით, სატენდერო პირობები უცვლელია, თუმცა საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემცირებულია.

"მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები მინიმუმამდე დავწიეთ. ჩვენ პერიოდულად შევამოწმებთ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ შესრულებულ სამუშაოებს და თუ ხარისხი არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ასეთ შემთხვევაში შევწყვეტთ მათთან ხელშეკრულებას", - განაცხადა ნარმანიამ.

შეხვედრის მონაწილე ბიზნესმენები კი აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა და მომავალი პროექტების განხილვა.

"რა თქმა უნდა, ეს არის დიდი სტიმული იმისა, რომ ქვეყანაში გაგრძელდება და განვითარდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. არის გარკვეული ხარვეზები, როდესაც ყურადღება არ ექცევა ხარისხს და ექცევა მხოლოდ ფასს. აქ ხარისხის მომენტი უკანა პლანზე გადადის. ხარისხიანი და იაფი მე ბევრი არაფერი მინახავს", - განაცხადა "საქკაბელის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ედიშერ მამალაძემ.