"გლობალ პოსტი" საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე წერს

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო "გლობალ პოსტი" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს და წერს, რომ დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, მეტოქე ლიდერები პირობას დებენ თანამშრომლობაზე. როგორც სააგენტო წერს, პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის დაახლოებით 300 მხარდამჭერი თავს დაესხა მიხეილ სააკაშვილის მოკავშირეებს თბილისში, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის წინ. 

სააგენტოს აღნიშნავს, რომ მომხდარის შემდეგ, პრეზიდენტმაც და პრემიერ-მინისტრმაც დაგმეს ძალადობა და განაცხადეს, რომ სურვილი აქვთ გამონახონ გზები, დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის გადასაჭრელად.

"მე მხარს ვუჭერ ურთიერთობების დალაგებას პრეზიდენტთან და მის პოლიტიკურ გუნდთან. მზად ვარ, გონივრულ დათმობებზე წავიდე ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის", - მოჰყავს ციტატა სააგენტოს პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან.

"გლობალ პოსტი" აღნიშნავს, რომ ამის საპასუხოდ სააკაშვილმა მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა პრემიერს მშვიდობიანი კოჰაბიტაციის უზრუნველყოფის მიზნით.
სააგენტო წერს, რომ თბილისში, 8 თებერვალს მომხდარი ძალადობა დაგმეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში სტეფან ფულემ, რომელთაც ღრმა შეშფოთება გამოთქვეს მომხდარის გამო.

"ევროკავშირი მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, პოლიტიკურმა მმართველებმა და ინსტიტუციებმა ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ითამაშრომლონ, საერთო ევროპული ღირებულებების შესაბამისად", - მოჰყავს ციტატა სააგენტოს ეშტონისა და ფულეს განცხადებიდან.

"გლობალ პოსტი" აღნიშნავს, რომ 2003 წელს, მშვიდობიანი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სააკაშვილს დემოკრატიულ რეფორმატორად მიიჩნევდნენ.

"ის საგარეო და საშინაო მხარდაჭერით სარგებლობდა რუსეთთან ხუთდღიან ომამდე, რომელიც ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიის ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამო მოხდა", - წერს სააგენტო.