ირაკლი ღარიბაშვილი - ეს იყო პროვოკაციულად გაწერილი გეგმა, რომელიც მაღალპროფესიულად შეასრულა გიგი უგულავამ

ირაკლი ღარიბაშვილი - ეს იყო პროვოკაციულად გაწერილი გეგმა, რომელიც მაღალპროფესიულად შეასრულა გიგი უგულავამ

ვეჭვობ, რომ ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი, პროვოკაციულად გაწერილი დეტალური გეგმა, რომელიც მაღალპროფესიულად შეასრულა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილ, 8 თებერვლის მოვლენებზე საუბრისას, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, უშიშროების საბჭოს მდივანმა ტელეფონზე დაურეკა და ბიბლიოთეკაში ალტერნატიულ შესასვლელებზე ისაუბრეს.

"ჯერ მან დამირეკა და მითხრა, ბიბლიოთეკის წინ იკრიბება აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების ჯგუფი და დაცული იქნება თუ არა უსაფრთხოების ზომებიო? ვუპასუხე, რომ ყველაფერზე ვიზრუნეთ, ავუხსენი, რაც გვქონდა დაგეგმილი, ალტერნატიული შესასვლელების შესახებაც ვუთხარი. ორი შესასვლელ-გასასვლელი იმიტომ დავგეგმეთ, ერთის ბლოკირება თუ მოხდებოდა, პრეზიდენტი და სტუმრები მეორე გასასვლელის გამოყენებას შეძლებდნენ უპრობლემოდ. მან მადლობა გადამიხადა. ამის შემდეგ პრეზიდენტის მისვლა ორჯერ გადაიდო. ვეჭვობ, რომ ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი, პროვოკაციულად გაწერილი დეტალური გეგმა, რომელიც მაღალპროფესიულად შეასრულა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ, მაგრამ ჩაეშალათ ჩანაფიქრი. მათ სურდათ, კიდევ უფრო მძიმე ფორმა მიეღო დაპირისპირებას, უფრო მძიმედ დაშავებულიყვნენ თვითონაც და მეორე მხარის წარმომადგენლებიც. სამარცხვინოა, რომ ამბობენ, პოლიცია არ მოქმედებდაო. ძალიან კარგად ჩანს ვიდეოფირზე, რას აკეთებს პოლიცია. მათთვის განსაზღვრულ ადგილზე იდგნენ სამართალდამცველები. გასასვლელები აბსოლუტურად სუფთა იყო, აბსოლუტურად ვაკონტროლებდით, ვიმეორებ, ჩვენ და სამთავრობო დაცვა. უგულავა კი როგორ იქცევა ამ დროს? აგრესიული ყიჟინით მოდის, "გინდათ შოუ? - ყვირის, - დადგით შოუ" და სხვა სამარცხვინო შეძახილები ისმის მისგან. ის არ სარგებლობს წინასწარ განსაზღვრული ალტერნატიული, ჩვენ მიერ კონტროლირებადი გზით, არამედ ჯიქურ, "ნაციონალებთან" ერთად მიდის დემონსტრანტების მორევში. კარგად ჩანს, როგორ აღიზიანებს უგულავა ისედაც უკიდურესად გატანჯულ მოქალაქეებს",-აცხადებს შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.