სასოფლო-სამეურნეო ბარათების გაცემა დღეიდან იწყება

სასოფლო-სამეურნეო ბარათების გაცემა დღეიდან იწყება

სასოფლო-სამეურნეო ბარათების გაცემა, რომლითაც ფერმერებს მიწის დამუშავება შეეძლებათ, დღეიდან იწყება.

ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ თავისი უწყების ასდღიანი მუშაობის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მცირემიწიანი ფერმერებისთვის შემუშავდა ორი ტიპის დახმარების პაკეტი. საერთო ჯამში, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი 640 ათასზე მეტ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება, რომელსაც 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აქვს. მათ შორის, 0,25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები ასი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ბარათს მიიღებენ, რომლითაც მათ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა შეეძლებათ.

0,25-დან 1,25 ჰექტრის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, 510 ლარის ღირებულებით. 1 ჰექტარზე გაადანგარიშებით კომბინირებული ბარათი შედგება ორი კომპონენტისგან, ესაა ნიადაგის ხვნა, გაფხვიერება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა 300 ლარის ოდენობით. ამავე 510 ლარის ღირებულების ბარათს მიიღებენ ის ფერმერებიც, რომელთაც ანალოგიური ზომის მრავალწლიანი ნარგაობა აქვთ და ისინი აღნიშნული თანხით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენას შეძლებენ. 1,25-დან 5 ჰექტრამდე ფართობის მქონე ფერმერები 640 ლარის ღირებულების ნომინალურ ბარათს მიიღებენ, რომლითაც ისინი მხოლოდ საქონლისა და ინვენტარის შეძენას შეძლებენ.

საქონლისა და ინვენტარის შესაძენად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება მარტიდან დაიწყება. სულ მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ღირებულება, 180 მილიონ ლარს აღემატება.