ადვოკატის თქმით, ნარკოდანაშაულზე ორი დღის წინ დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი გააშიშვლეს და სცემეს

ადვოკატის თქმით, ნარკოდანაშაულზე ორი დღის წინ დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი გააშიშვლეს და სცემეს

ადვოკატი ვაჟა მელაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი დაცვის ქვეშ მყოფი ზაალ ხოფერიას ცემის ფაქტზე განცხადებას აკეთებს.

როგორც ადვოკატმა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზაალ ხოფერია ორი დღის წინ გონიოში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მისი ინფორმაციით, ხოფერიას თავში ურტყამდნენ და აიძულებდნენ, მათთვის სასურველი ჩვენება მიეცა. "გუშინ შევხვდი ზაალ ხოფერიას და მაჩვენა ნაცემი ადგილები. ეს შეამოწმა ექსპერტიზამაც, რომელიც შესაბამის დასკვნას გააკეთებს", - აღნიშნა ვაჟა მელაძემ. ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ხოფერიაზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს.

როგორც აჭარის მთავარი პროკურორი ლევან გზირიშვილი ამბობს, ზაალ ხოფერიას ბრალდებისა და შესაძლო ზეწოლის ფაქტს დეტალურად შეისწავლის. "მივეცი დავალება შეამოწმონ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაზიანებები აქვს თუ არა. შემოვა თუ არა შუამდგომლობა წერილობით, ყველაფერს შევამოწმებთ", - აღნიშნა ლევან გზირიშვილმა.