ნიკა მელია რატი კვანტრიშვილის მიერ ჩვენების შეცვლას ზეწოლას უკავშირებს

ნიკა მელია რატი კვანტრიშვილის მიერ ჩვენების შეცვლას ზეწოლას უკავშირებს

ძველი თბილისის რაიონის გამგებელი ნიკა მელია არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის" ხელმძღვანელ რატი კვანტრიშვილის ბრალდებებს უარყოფს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ნიკა მელიამ განუცხადა, კვანტრიშვილი 8 თებერვალს ბიბლიოთეკასთან მასაც და პარლამენტარებსაც ფიზიკურად თავად გაუსწორდა.

"აშკარად მახსოვს ეს ბატონი კვანტრიშვილი, როგორც ყველაზე აქტიური და აგრესიული აქციის მონაწილე. კადრებში ჩანს, თუ როგორ უსწორდება ის პარლამენტის წევრებს და ცდილობს მეც გამისწორდეს, რაც ნაწილობრივ მოახერხა კიდეც. სასაცილოა, რომ ეს ადამიანი პირიქით მდებს ბრალს, თითქოს მე გავუსწორდი ბლაგვი საგნით, თურმე პრეზიდენტის სიტყვის მოსასმენად ბლაგვი საგნით მივსულვარ", - აცხადებს მელია.

გამგებელი დარწმუნებულია, რომ კვანტრიშვილმა ჩვენება ზეწოლის შედეგად შეცვალა. "დარწმუნებული ვარ, რომ მას ჩვენება შეაცვლევინეს. ის ჯერ ამბობდა, რომ თბილისის მერის დაცვის წევრმა დაარტყა. ის ამით მერიისა და გამგეობის დისკრედიტაციას ცდილობს", - აღნიშნა მელიამ და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა შესაბამის უწყებაში გამოცხადდეს და 8 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს.

რატი კვანტრიშვილმა ფიზიკური დაზიანებების მიყენებაში ძველი თბილისის რაიონის გამგებელი ნიკა მელია დაადანაშაულა. როგორც კვანტრიშვილმა მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ინციდენტი 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდა და ამ ფაქტზე იგი დღეს დამატებით დაკითხეს.
"8 თებერვალს მე მივიღე ფიზიკური დაზიანება და ვვარაუდობდი, რომ ეს ჩაიდინა გიგი უგულავას დაცვის წევრმა, თუმცა, მე და ჩემმა ადვოკატმა განყოფილებაში კადრების ერთობლივად ნახვის შედეგად ამოვიცანით, რომ ეს არის ძველი თბილისის რაიონის გამგებელი ნიკა მელია", - აღნიშნა რატი კვანტრიშვილმა.