სასამართლო მელორ ვაჩნაძის და მიხეილ მესხის საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს

სასამართლო მელორ ვაჩნაძის და მიხეილ მესხის საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს

თბილისის საქალაქო სასამართლო მელორ ვაჩნაძის და მიხეილ მესხის საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ 2013 წლის 9 თებერვლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, მიხეილ მესხი და მელორ ვაჩნაძე ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე და მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრათ ჯარიმა 100-100 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2013 წლის 9 თებერვალს შს სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების მიერ, წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები მიხეილ მესხისა და მელორ ვაჩნაძის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე (წვრილმანი ხულიგნობა) და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოებისათვის წინააღმდეგობის გაწევას.

სამართალდარღვევის ოქმების განხილვისას, მხარეების მიერ სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულების სახით ვიდეო და აუდიომასალა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობა მიხეილ მესხისა და მელორ ვაჩნაძის მიერ გამოიხატა საზოგადოებრივ ადგილებში მხოლოდ ლანძღვა-გინებით, ასევე, სა სამართლოს მიერ დაკითხულ იქნა 8 მოწმე, რომელთა ჩვენების საფუძველზეც აღნიშნული პირები ცდილობდნენ სიტუაციის ადგილზე განმუხტვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იმსჯელა და დადასტურებულად მიიჩნია წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი და გამოიყენა ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმა, რომლის მაქსიმალური ოდენობა, 166-ე მუხლის შესაბამისად შეადგენს 100 ლარს", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.