თეა წულუკიანმა და იური ვაზაგაშვილმა პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი გახსნეს

თეა წულუკიანმა და იური ვაზაგაშვილმა პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი გახსნეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და 2006 წლის 2 მაისს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა, თბილისის იუსტიციის სახლთან 2004-2012 წლებში პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი გახსნეს. 

როგორც იუსტიციის მინსიტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, იური ვაზაგაშვილის სურვილით, პირველი ოქტომბრის შემდეგ ვაზაგაშვილის დაფა იქცა მემორიალად და იური ვაზაგაშვილის სურვილით მემორიალი არა მხოლოდ ზურაბ ვაზაგაშვილისა და საშა ხუბულოვის, არამედ 2004-2012 წლებში პოლიტიკური რეჟიმის მიერ მოკლულთა ხსოვნას მიეძღვნა.

"ამ ადგილას 2006 წელს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მანქანაში ახალგაზრდა ზურაბ ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი ჩაცხრილეს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ მოკლულთა ხსოვნას და ზავი დავდოთ ყველამ ერთად საკუთარ წარსულთან და ამ წარსულს ჰქვია წინა ხელისუფლება. მომავალი უნდა ავაშენოთ ერთად. ვიმედოვნებ, რომ ეს მემორიალი იქნება ხიდი წარსულსა და ძალიან კარგ ნათელ მომავალს შორის", - აღნიშნა წულუკიანმა.

იური ვაზაგაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში იყო. მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და ასევე მოუწოდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომ ხელისუფლებას სხვადასხვა ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნას ნუ აბრალებენ.
ღონისძიებაზე ასევე იმყოფებიან მოკლული ალექსანდრე ხუბულოვის შვილები, დიდუბის პანთეონთან მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, კოალიცია "ერთსულოვნების" ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი.