ზაზა გაბუნია:

ზაზა გაბუნია: "უგულავას, როგორც პროვოცირების ორგანიზატორთა ჯგუფის ლიდერის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს"

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, "თბილისის მერის გიგი უგულავას, როგორც პროვოცირების ორგანიზატორთა ჯგუფის ლიდერის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს".

ამის შესახებ გაბუნიამ პარტიის თავმჯდომარესთან გიორგი მუსხელიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლითაც გუშინდელ მოვლენებს გამოეხმაურნენ.

"ჩვენ აქამდე ვიცნობდით უპასუხისმგებლო დედაქალაქის მერს გიგი უგულავას, რომელიც უპასუხისმგებლო იყო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებთან დაკავშირებით. გუშინ ვნახეთ უპასუხისმგებლო დედაქალაქის მერი, რომელიც ამჯერად პროვოცირებისთვის ორგანიზებული ჯგუფის ლიდერად მოგვევლინა. მაშინ, როცა პოლიცია წინასწარ შემუშავებული გეგმის საშუალებით შესაძლო დაპირისპირების აღსაკვეთად ყველაფერს აკეთებდა და საფრთხის ნეიტრალიზაციისთვის, გიგი უგულავამ, საკუთარ თანამზრახველებთან, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად, სიტუაციის ესკალაცია და დაძაბვა მოახდინა, რომლის გამოყენებას "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობს. აღნიშნული ფაქტი სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს", - განაცხადა გაბუნიამ.