მელორ ვაჩნაძე და მიშა მესხი დააკავეს

მელორ ვაჩნაძე და მიშა მესხი დააკავეს

ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის განცხადებით, პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მელორ ვაჩნაძე და მიშა მესხი დააკავეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" კაკაბაძემ განუცხადა, ორივე დაკავებული ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს.

გუშინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ყოფილი პოლიტპატიმრების საპროტესტო აქცია შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იგეგმებოდა, რასაც აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ. ასევე, ისინი პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებმა ბიბლიოთეკაში შესვლა თვითნებურად სცადეს. თუმცა მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბიბლიოთეკასთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გამოჩნდნენ. შეხლა-შემოხლისას თბილისის მერ გიგი უგულავას, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს და "ნაციონალების" რამდენიმე წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მომხდარში მთავრობა დაადანაშაულა, საპასუხოდ, შს მინისტრმა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომხდარი "ნაციონალების" პროვოკაციულმა ქმედებებმა გამოიწვია.

ამასთან, ბიბლიოთეკის მაგივრად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას რეზიდენციიდან მიმართა.