თეა წულუკიანი - ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ბევრ საქმეზე დაიკითხებიან

თეა წულუკიანი - ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ბევრ საქმეზე დაიკითხებიან

ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ბევრ საქმეზე დაიკითხებიან, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა . მისი თქმით, მერაბიშვილი და სააკაშვილი დაიკითხებიან ყველა იმ საქმეზე, სადაც გამოჩნდება მათი სავარაუდო გვარი. ამასთან, თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილს ბრალს სდებს, რომ მან გირგვლიანის საქმეზე საკუთარი ოჯახის წევრებს ხელი დააფარა. 
"ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს არა მხოლოდ 26 მაისსა და 7 ნოემბერზე ექნებათ ხალხისთვის პასუხი გასაცემი, არამედ სხვა ბევრ საქმეზეც. მე ვანო მერაბიშვილის ადგილზე ნაკლებს ვიყელყელავებდი. ნაკლებს ვილაპარაკებდი იმაზე თუ როგორ უნდა იაროს ქვეყანამ წინ, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩააყენა კრიმინალური პოლიციის არაერთი თანამშრომელი ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც ბუტა რობაქიძის საქმეზე აღმოჩნდა, თუნდაც მიქაძე. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ოჯახის წევრებს ვერ მიხედა. ამაში ვგულისხმობ გირგვლიანის საქმეს. მან საკუთარი ოჯახის წევრს და მეგობრებს ხელი დააფარა. ამიტომაც ის უნდა დაიკითხოს. ეს არის ადამიანი, რომელმაც იცოდა გირგვლიანის გვამის აღმოჩენიდან 2 დღის შემდეგ, 2006 წლის 29 იანვრიდან, რომ საქმეში ფიგურირებდა მისი მეუღლის გვარი და საქმეში ფიგურირებდა დათა ახალაია და გამოძიება ჩააბარა დათა ახალაიას. ჩვენ მერაბიშვილის დაკითხვამდე გვაქვს დრო, რადგან ველოდებით მელნიკოვის ექსტრადიციის თემის დახურვას და რამდენიმე დღეში უკვე გვექნება საბოლოო სიტუაცია მასთან დაკავშირებით. დღეს რობაქიძის საქმეზე გამოჩნდა დონაძის გვარი, რომელიც ასევე გირგვლიანის საქმეში ფიგურირებს", - განაცხადა წულუკიანმა. 
მისივე თქმით, პრეზიდენტი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი თანამებრძოლის, ზურაბ ჟვანიას საქმე ბოლომდე არ მიიყვანა.