პარლამენტში ელჩობის კანდიდატებს მოუსმინეს

პარლამენტში ელჩობის კანდიდატებს მოუსმინეს

პარლამენტში დღეს რამდენიმე ქვეყნის ელჩობის კანდიდატებს მოუსმინეს. დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე კანონმდებლებს კანდიდატებმა საკუთარი ხედვები, გეგმები და პრიორიტეტები გააცნეს. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთში ელჩობის კანდიდატმა ეკა სირაძე-დელონემ განაცხადა, მისი მთავარი პრიორიტეტი საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება იქნება.

"ჩემთან მიმართებაში, დეპუტატებს კითხვები ჰქონდათ UNESCO-თან ურთიერთობაზე, ბაგრატის ტაძრის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩემს პრიორიტეტებს, იცით, რომ საქართველოსა და საფრანგეთში ხელისუფლებები შეიცვალა და ცხადია, ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნა ეკა სირაძე-დელონემ.

აშშ-ში საქართველოს ელჩობის კანდიდატის, არჩილ გეგეშიძის თქმით კი, აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით რაც მიღწეულია ის უნდა შენარჩუნეს, თუმცა გასაღრმავებელი ჯერ კიდევ ბევრია. მისივე თქმით, კიდევ მეტის მიღწევა შეიძლება იმისთვის, რომ საქართველო წარმოჩინდეს, როგორც წარმატებული ქვეყანა და კიდევ უფრო მეტი მხარდჭერა მოიპოვოს დიდი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.

პარლამენტი ელჩობის კანდიდატებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.