"ნაციონალები" დაკითხვებს საკრებულოს უმრავლესობის დაშლის სურვილს უკავშირებენ

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თანაგუნდელების დაკითხვაზე დაბარებას საკრებულოში მყარი უმრავლესობის დაშლის სურვილს უკავშირებენ. 

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან დაკითხვაზე მყოფი თანაგუნდელების მხარდასაჭერად მისულმა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, ბესარიონ ბენდელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და აღვირახსნილი კამპანია.

"ერთადერთი, რასაც სავარაუდოდ ეს უკავშირდება, ისაა, რომ მათ სურვილი აქვთ, რომ მყარი ერთიანი "ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოში დაიშალოს", - განმარტა ბენდელიანმა.
ამასთან, დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეს მიუღწეველი იქნება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 13:00 საათიდან დაკითხვაზე იმყოფებიან თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, მერიის საბავშვო ბაღების სააგენტოს უფროსი რამაზ სულამანიძე და "ნაციონალური მოძრაობის" სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ხახნელიძე. სამივე მათგანი ”თბილისერვისჯგუფის” თემაზე იკითხება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამხურთან მათ მხარდასაჭერად ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებიან.