დავით ბაქრაძე უმრავლესობის გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს

დავით ბაქრაძე უმრავლესობის გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას - არ მოუსმინოს ხვალ პრეზიდენტს, "სამწუხარო გადაწყვეტილებას" უწოდებს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უმრავლესობა პრეზიდენტის მოსმენისთვის და მასთან დებატებისტვის მზად არ აღმოჩნდა.

დავით ბაქრაძემ პარლამენტში, თანაგუნდელებთან ერთად საგანგებოდ გაკეთებული განცხადებისას, კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ პრეზიდენტის მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა იმისა, რომ მივიდეს პარლამენტში, გამოვიდეს სიტყვით, დარჩეს სხდომის ბოლომდე, მონაწილეობა მიიღოს დებატებში და გასცეს პასუხი დეპუტატების შეკითხვებს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით აღარ წარდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს მიეცემა საშუალება კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს, თუმცა უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება, ან როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.