დეპუტატებს განცხადებების გაკეთება ყველა პლენარულ სხდომაზე შეეძლებათ

დეპუტატებს განცხადებების გაკეთება ყველა პლენარულ სხდომაზე შეეძლებათ

დეპუტატებს განცხადებების გაკეთება ყველა პლენარულ სხდომაზე შეეძლებათ. 

ამასთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებები უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუკრი ქანთარიამ მოამზადა და ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

სხდომაზე კანონმდებლებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პოლიტიკური განცხადებები ოთხშაბთის გარდა, პარასკევსაც გაკეთდეს, რისთვისაც 30 წუთი გამოიყოფა, თითო გამომსვლელისთვის კი, 3 წუთი.

საპროცდურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირინე იმერლიშვილის თქმით, მოქმედი რეგლამენტით, განცხადებების გაკეთებისთვის ოთხშაბათი დღე იყო განკუთვნილი და 30 წუთიანი გამოსვლების შემდეგ, დროის გაგრძელების უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა, მომზადებული ცვლილებებით კი ეს აღარ მოხდება.

რაც შეეხება უმცირესობის პოზიციას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცვლილებებს მიესალმებიან. ოპოზიციონერი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, გარკვეული დეტალები დაკონკრეტდება, თუმცა, საბოლოო ჯამში, წინადადება მისაღებია. მას მიაჩნია, რომ გამოყოფილი 30 წუთი ისე უნდა გადანაწილდეს, რომ დაჩაგრული არც უმრავლესობა და არც უმცირესობა დარჩეს.

მოქმედი პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატებს განცხადებების გაკეთება მხოლოდ პლენარული სხდომების კვირის ოთხშაბათს შეუძლიათ. განცხადებებისათვის ნახევარი საათია გათვალისწინებული, ხოლო კიდევ ნახევარი საათით დეპუტატების განცხადებებისათვის დროის დამატების გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე იღებს.