პაატა ზაქარეიშვილი - კომპანია

პაატა ზაქარეიშვილი - კომპანია "ჩერნომორენერგოს" განცხადება საყურადღებოა

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, კომპანია "ჩერნომორენერგოს" განცხადება აფხაზეთში ენერგეტიკის სფეროში პრობლემების თაობაზე საყურადღებოა. ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა კომპანიის თანამშრომლების მიერ დღეს გავრცელებული მიმართვის კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"როგორც ამ განცხადებიდან ჩანს, აფხაზეთში ენერგეტიკული მდგომარეობა მართლაც დამაფიქრებელია, მოსახლეობა ელექტროენერგიას უდიერად ეპყრობა და ამით კრიზისს იქმნის. ენერგეტიკის მიმართულებით ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის გარკვეული თანამშრომლობა არსებობს და ენერგიის ფუჭად დაკარგვას სჯობს, გონივრული ეკონომია გავაკეთოთ და გამოთავისუფლებული ელექტროენერგია გავყიდოთ, რაც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ენგურჰესს, ისე ამ სფეროს, რომელსაც ერთობლივად განვკარგავთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩერნომორენერგოს ასეთი გულისტკივილი გასაზიარებელია", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე თქმით, გონივრული იქნება, თუ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა ელექტროენერგიას ცივილიზებული ფორმით მოიხმარს.

"ვინაიდან აფხაზური საზოგადოება თავს თანამედროვე საზოგადოებად მიიჩნევს, მიმაჩნია, რომ მეტი ყურადღებით და პატივისცემით უნდა მოეპყრას იმ რესურსს, რომელიც მას აქვს და განკარგავს. შესაბამისად, სწორი იქნება, თუ ელქტროენერგიას ცივილიზებული ფორმით მოიხმარენ და ენერგიის კვლავ საწარმოებლად საჭირო საფასურს გადაიხდიან. ამდენად, მიმაჩნია, რომ კომპანიის ეს განცხადება კორექტულია და თუ ამ მიმართულებით ვიმოქმედებთ, ეს პირველ რიგში სასარგებლო იქნება აფხაზური საზოგადოებისთვის და გამოთავისუფლებული ელექტროენერგიის უფრო ეფექტურად განკარგვა მოხერხდება. ენგურჰესი ისეთი უნიკალური საინჟინრო ნაგებობაა, რომ ქართულ-აფხაზური ერთობლივი სურვილის და ქმედებების გარეშე ვერ იმუშავებს. წლებია, ამ დარგში თანამშრომლობა მიმდინარეობს და სრული გულწრფელობით მინდა, ვთქვა, რომ ეს უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა".

სააგენტო "აპსნი პრესმა" გაავრცელა კომპანია "ჩერნომორენერგოს" მიმართვა დე-ფაქტო პრეზიდენტისა და პარლამენტის მიმართ. მიმართვაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და მთლიანად სფეროში მძიმე ვითარებაა. მიმართვას კომპანიის 761 თანამშრომელი აწერს ხელს. ისინი დე ფაქტო ხელისუფლებას დარგის შესანარჩუნებლად ზომების მიღებას სთხოვენ.