გრიგოლ ვაშაძე - რუსეთს სურს, სურდა და ყოველთვის მოისურვებს, ჩვენ ქუჩაში გვქონდეს დაპირისპირება

გრიგოლ ვაშაძე - რუსეთს სურს, სურდა და ყოველთვის მოისურვებს, ჩვენ ქუჩაში გვქონდეს დაპირისპირება

რუსეთს სურს, სურდა და ყოველთვის მოისურვებს, ჩვენ ქუჩაში გვქონდეს დაპირისპირება, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

აღნიშნულ კონტექსტში მან პოლიტიკურ მხარეებს ურჩია, ოფიციალურ მოსკოვთან ნუ დახატავენ სურათს, თითქოს მათ შორის განხეთქილებაა.

"ეჭვი არ შემაქვს იმაში, რომ დღევანდელი ხელისუფლება არანაკლებად პატრიოტია, მაგრამ არ მინდა იგივე მემკვიდრეობა დარჩეს შემდეგ ხელისუფლებას, როგორიც შევარდნაძემ დაგვიტოვა. ამასწინათ გაიჟღერა თეზისმა – თურმე წინა ხელისუფლება ღვინის ექსპორტს ხელოვნურად აჩერებდა. ყველაფერი მესმის, მაგრამ ეს უკვე სასაცილოდ ჟღერს. ონიშჩენკო ითხოვდა ექსპერტებს გამოვუშვებ, რომ საწარმოები შევამოწმო, ოღონდ ქართულმა სახელმწიფომ უშიშროების გარანტიები მომცესო. რომ ვეკითხებოდი, უშიშროების გარანტიები როგორ უნდა გამოიყურებოდესთქო, მპასუხობდა, თქვენ თვითონ იცითო", - აღნიშნა ვაშაძემ.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ის ევროპული ოცნებების რეალიზაციის პრაქტიკულ გზებს ვერ ხედავს. "საქართველოს ყველა მოქალაქე დაეხმარება ხელისუფლებას დასავლური ოცნებების შესრულებაში და ქვეყნის გაერთიანებაში, მაგრამ ჩემთვის ესაა დეკლარაცია. პროფესიონალი ვარ და ამის პრაქტიკული რეალიზაციის გზებს ვერ ვხედავ. ხელისუფლების კეთილ განზრახვაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ჰგავს ვიწრო კორიდორს. ჩვენ არჩევანიც არ გვაქვს. მარცხნივ და მარჯვნივ ერთი ნაბიჯის გადადგმაც არის კატასტროფული, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ რომელიმე სხვა მიმართულება 5 წლის განმავლობაში უგულვებელყოფილი იყო", - განაცხადა ვაშაძემ.