დავით დარჩიაშვილი - თუ თქვენ სააკაშვილი გაშინებთ, ჩვენ გვაშინებს ივანიშვილი

დავით დარჩიაშვილი - თუ თქვენ სააკაშვილი გაშინებთ, ჩვენ გვაშინებს ივანიშვილი

თუ თქვენ სააკაშვილი გაშინებთ, ჩვენ გვაშინებს ივანიშვილი, - ასე მიმართა უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას. 

მისივე განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" მზადაა უმრავლესობის შიშები გაიაზროს და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დაფიქრდეს, თუკი უმცირესობის შიშებს "ქართული ოცნებაც" გაითვალისწინებს.

"ჩვენ გითხარით, კი ბატონო, თუკი რაღაც გაშინებთ, შევეცდებით გავიაზროთ თქვენი შიშები და იქნებ წამოვიდეთ კიდეც, მაგრამ ჩვენ რაც გვაშინებს, იმაზე თქვენ წამოდით. თუ თქვენ სააკაშვილში ხედავთ საფრთხეს, ჩვენ გულწრფელად გეუბნებით, რომ ამას ივანიშვილში ვხედავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ მისთვის ევროატლანტიკური სივრცე არაა ისეთი ღირებული, როგორიც საქართველოსთვის უნდა იყოს", - განაცხადა დარჩიაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის განსხვავებულ ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება და ერთ-ერთ მაგალითად პირად ცხოვრებასთან დამოკიდებულება დაასახელა.

"პირადი ცხოვრების შესახებ ვიდეოჩანაწერები შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურს ჩაუვარდეს ხელში და ეს ბევრ ქვეყანაში ასეა, მაგრამ სააკაშვილს ეს არ გამოუყენებია და თქვა, რომ ასეთი მასალები უნდა ნადგურდებოდეს. მეორე მხარეს ვხედავ რას? _ პრემიერ-მინისტრი თავს უფლებას აძლევს იჭორაოს ჟურნალისტებთან პირად ცხოვრებაზე. აი, ასეთი ღირებული აცდენებია ჩვენს შორის, ამიტომაც გვაქვს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა შევცვალოთ კონსტიტუცია ახლა, თან მიგვაჩნია, რომ ამით ქვეყანას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არავინ აპირებს კრიზისისკენ მის წაყვანას", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

პარლამენტში უკვე 4 საათია პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე დებატები მიმდინარეობს.