ნუგზარ წიკლაური - ხელისუფლებამ

ნუგზარ წიკლაური - ხელისუფლებამ "ნაციონალური მოძრაობის" გატეხვა ვერ შეძლო

ზეწოლის მიუხედავად ხელისუფლებამ "ნაციონალური მოძრაობის" გატეხვა ვერ შეძლო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს, საპარლამენტო დებატებისას განაცხადა.

"მე ვესწრებოდი საკონსტიტუციო ცვლილებების რამდენიმე განხილვას და მიუხედავად მცდელობისა, ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა, მეორე მხრიდან მივიღეთ სტალინისტების პერფორმანსები, კვერცხების სროლა, ადამიანებზე ზეწოლა. ეს იყო იმიტომ, რომ თქვენ დარწმუნებული ბრძანდებოდით, შედეგს მიაღწევდით, მაგრამ ახლა დაინახეთ, რომ შედეგი არ გაქვთ და არ მოხერხდა ზეწოლების მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" გატეხვა. სიამაყით გეტყვით, რომ ვერ შეძელით ეს, ვერ შეძელით თავისუფლების დამარცხება და ესაა დიდი იმპულსი, რომ მომავლისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებას პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება პოლიტიკური ველის მონოპოლიზაციისთვის სურს.

"ცვლილებები გსურთ, რათა მოახდინოთ პოლიტიკური ველის მონოპოლიტაზიცია, მოახდინოთ მთელი პოლიტიკური სისტემის უზურპაცია, შემდგომ შეაჩეროთ ევროპული მისწაფებები, მოახდინოთ თავისუფალ სამყაროსთან ჩვენი კომუნიკაციის ბლოკირება და ქართველი პატრიოტების დემორალიზება. მაგრამ არც ეს გამოგივიდათ, ისე, როგორც არ გამოგივიდათ ის, რომ საქართველოს პოლიტიკურმა კურსმა განიცადოს არმენიზაცია, ისე, როგორც არ გამოგივიდათ ქართველი ხალხის დარწმუნება იმაში, რომ საქართველომ დაიწყო ომი", - აღნიშნა წიკლაურმა.

ამასთან, მან დებატების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის კრიმინოგენური ვითარების გაუარესებაზეც ისაუბრა და ახალ ხელისუფლებას "კოლექტიური სკრილნიკოვი და კოლექტიური ჩახალიანი" უწოდა.

"რატომ გამოუშვით ციხიდან რუსეთის ჯაშუშები, რა პოლიტიკური მისწაფებების ადამიანი იყო სკრილნიკოვი, რა პოლიტიკური მისწრაფების ადამიანი იყო ჩახალიანი, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ერთიანობას ებრძოდნენ. თქვენ ვერ გაეცით პასუხი ამას, ვერ გაეცით პასუხი ვერც იმას, თუ რატომ გიკრავენ ასე მქუხარედ ტაშს რუსულ საუზმეებზე და რატომ ლაპარაკობთ ასე აგდებით ყოველთვის ევროპაზე. სამაგიეროდ ჩვენ გავეცით პასუხი იმას, თუ რატომ გიწოდებენ კოლექტიურ სკრილნიკოვს და კოლექტიურ ვაჰაგან ჩახალიანს და რატომ არ აქვს თავისუფალ საქართველოს თქვენთან ერთად მომავალი", - განაცხადა დეპუტატმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკვე ორი საათია პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე დებატები მიმდინარეობს.