ირაკლი ალასანია - ასეთ სისულელეებზე მეორედ კითხვა არ დამისვათ

ირაკლი ალასანია - ასეთ სისულელეებზე მეორედ კითხვა არ დამისვათ

თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს თხოვნით მიმართავს, ”სისულელეებზე კითხვები არ დაუსვან”, - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც ჟურნალისტები დუბაიში მისი ვიზიტით დაინტერესდნენ. 

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ამგვარი საქმიანობით დაკავებული იყო წინა ხელისუფლება. მინისტრმა ჟურნალისტებს მოუწოდა, ყურადღება საზოგადოებისთვის რეალურად საინტერესო თემებზე გაამახვილონ.

"ძალიან გთხოვთ, ასეთ სისულელეებზე საუბარს ნურც ერთმანეთს ვაკადრებთ. ჩვენს ქვეყანაში ისეთი გარდაქმნები მიმდინარეობს, საზოგადოებისთვის რეალურად რაც საყურადღებოა, იმაზე გაამახვილეთ ყურადღება. ასეთი სპეკულაციები და ჭორაობა ღირსებას არავის სძენს. პრემიერმა ძალიან კარგად თქვა ამის შესახებ. ამით დაკავებული იყო წინა ხელისუფლება. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც იმიტომ აქვს ხალხის მხარდაჭერა, რომ ასეთი ჭორაობებით, ასეთი პირად ცხოვრებაში ჩართვით გაღიზიანების გამო დაესრულებინათ ის პრაქტიკა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. ასეთ სისულელეებზე მეორედ კითხვა არ დამისვათ", - მიმართა ალასანიამ ჟურნალისტებს.

დუბაიში ალასანიას ვიზიტთან დაკავშირებით მცირე კომენტარი პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრს ბოლოდროინდელი ვიზიტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა. "ჭორებზე ნუ ისაუბრებთ. საქართველო ნუ აჰყვება ჭორებს და ნუ გახდება ჭორიკანა ქვეყანა. ამ ყველაფერს ძველი ხელისუფლება ახერხებს", - განაცხადა ივანიშვილმა.