ეკა ბესელია ირმა ნადირაშვილის გამოსვლას სამარცხვინოს უწოდებს

ეკა ბესელია ირმა ნადირაშვილის გამოსვლას სამარცხვინოს უწოდებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის გამოსვლას სამარცხვინოს უწოდებს. 

ეკა ბესელიამ კომენტარი ნადირაშვილის იმ განცხადებაზე გააკეთა, რომელშიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლების წარმომადგენლები ნეპოტიზმში დაადანაშაულა.

ბესელიას თქმით, ნადირაშვილის ინფორმაცია მხოლოდ ტყუილია და ის იმ პარტიის წარმომადგენელია, რომელთა ინტერესების გარეშეც, სკოლაში დამლაგებელიც ვერ ინიშნებოდა.

"წლების განმავლობაში, ქვეყანას - კუბლაშვილები, გაბაშვილები, სააკაშვილები და ახალაიები მართავდნენ და ახლა, ეს ხალხი, ასეთ განცხადებებს აკეთებს? რაც შეეხება ჩემთან დაკავშირებით გაკეთებულ გაცხადებას, ნადირაშვილს ხუთი წუთი, რომ დაეკარგა და ჩემს ანკეტაში ჩაეხედა, ნახავდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში არც ახლა არიან დასაქმებულნი და არც მანამდე იყვნენ", - აღნიშნა ბესელიამ.

ნადირაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სამსახურები იშოვეს ირაკლი ღარიბაშვილის დამ და მეუღლემ, მანანა კობახიძის დამ კი, აფხაზეთის მთავრობაში მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა. ნადირაშვილის განცხადებით, ეკა ბესელიას ქმარი პროკურატურაში დასაქმდა, მაია ფანჯიკიძის შვილი კი, ენერგეტიკის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.