კოტე კუბლაშვილი - დიდი იმედი მაქვს, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩვენს მოსაზრებებს დაეთანხმებიან

კოტე კუბლაშვილი - დიდი იმედი მაქვს, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩვენს მოსაზრებებს დაეთანხმებიან

დიდი იმედი მაქვს, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტები დაეთანხმებიან ჩვენს მოსაზრებებს, იმ ძალიან პრინციპულ საკითხებზე, რომელსაც ყოველთვის აღვნიშნავდით , - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა ვენეციის კომისიის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, კომისიის წევრები დაინტერესდნენ სასამართლოს არგუმენტებით და პოზიციებით საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ.

"ძალიან დეტალურად სურდათ გაეგოთ ჩვენი პოზიცია, რა არგუმენტები გვაქვს და რატომ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები, იმ რამდენიმე პრინციპულ დებულებაზე, რომელიც შეტანილია პროექტში. მათ ეს ძალიან კარგად გაიგეს. მათ თავად ჰქონდათ კითხვები, რა არის მეორე მხარის არგუმენტები, როდესაც სურთ ასეთი დებულებების შეტანა ორგანულ კანონში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი დაეთანხმებიან ჩვენს მოსაზრებებს იმ ძალიან პრინციპულ საკითხებზე, რასაც ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით. ამ პროექტში არის ძალიან ბევრი დებულება, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით და შეთანხმებულები ვართ იუსტიციის სამინისტროსთან, მაგრამ ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით იმ რამდენიმე დებულებაზე, რომელიც ჩვენი აზრით წარმოადგენს პირდაპირ ჩარევას სასამართლო დამოუკიდებლობაში და არის აბსოლუტურად მიუღებელი, არაკონსტიტუციური შემოთავაზება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის ექსპერტები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ დასკვნას მოამზადებენ. კუბლაშვილის განმარტებით, კომისიის წევრები კარგად იცნობენ სასამართლოს შენიშვნებს.

ამასთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებით ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საფუძვლით გაკეთებული და სასარგებლო სასამართლოსთვის.

უზენაეს სასამართლოში კონსტანტინე კუბლაშვილისა და ვენეციის კომისიის ექსპერტების - ჯეიმს ჰამილტონის, ნიკოლა ესანუს და შარლოტა დებროუტესის შეხვედრა საათნახევრი მიმდინარეობდა. ევროპელი ექსპერტები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავდნენ. ექსპერტებს შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.