თავდაცვის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის სტუმრობაზე ინფორმაციას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის სტუმრობაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის სამინიტროში სტუმრობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ უმასპინძლა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრი დაათვალიერა. ბიძინა ივანიშვილი, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ავღანეთში, ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართული სამშვიდობო ქვედანაყოფების მეთაურებს გაესაუბრა და გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ თქვენ სამშობლოს ემსახურებით. ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯარები და თქვენ პირადად ჩართული ხართ საერთაშორისო უსაფრთხოების საერთო პროცესში. თქვენ ძალიან დიდ სამსახურს უწევთ თქვენს სამშობლოს და მთლიანად მსოფლიოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა საქართველოში დისლოცირებულ სხვადასხვა სამხედრო ნაწილების მეთაურებსაც მიმართა.

"საქართველოს მთავრობა და თქვენი მინისტრი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართველმა სამხედროებმა ღირსეული სამსახური შეძლონ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.