დავით სერგეენკო - კლინიკების პრივატიზაციის საკითხის შესწავლა დაწყებულია

დავით სერგეენკო - კლინიკების პრივატიზაციის საკითხის შესწავლა დაწყებულია

კლინიკების პრივატიზაციის საკითხის შესწავლა დაწყებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღევანდელ ბრიფინგზე "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

კერძოდ, "ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციის, კერძოდ, 2011 წელს პირველი კლინიკური საავადმყოფოს უცხოელი ინვესტორის მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით.

მინისტრმა განმარტა, რომ კლინიკების პრივატიზაციის საკითხის შესწავლა დაწყებულია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროსთვის რთული აღმოჩნდა აღნიშნულ პროცესებში გარკვევა.

"რთული აღმოჩნდა ამ პროცესებში გარკვევა. რამდენიმე ნაბიჯიანი პროცესია და ამ პროცესებში იკარგება ყველაფერი, საიდანაც ასევე სხვადასხვა პრობლემები აღმოცენდება. საკითხი შესწავლის პროცესშია და ეს ეხება პირველ კლინიკურ საავადმყოფოსაც, შესაბამისად მე კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროსთვის რთული აღმოჩნდა ამ ჩახლართულ პროცესებში გარკვევა. შეიქმნა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებიც შედიან.
მან ბრიფინგზე ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა.

მინისტრის თქმით, მაღალი სამედიცინო მომსახურებისთვის საჭიროა კარგი კლინიკა, მაღალი კვალიფიკაციის პერსონალი და ხარისხიანი აპარატურა, რომლის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. მინისტრის განმარტებით, შედეგები დაახლოებით წელიწადნახევარში იქნება მიღწეული. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო მომსახურების ღირებულების სერვისის დახვეწაზეც მუშაობს, რაც საბოლოო ჯამში ფინანსების დაზოგვასაც განაპირობებს.

მინისტრმა სამომხმარებლო ბაზარზე მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვენახევარია მიმდინარეობს დაკვირვება ფასების დინამიკაზე. სერგეენკოს თქმით, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასებმა დაიკლო, ზოგიერთზე შენარჩუნებულია და ზოგიერთ მედიკამენტზე კი მომატებული. თუმცა როგორც მინისტრმა განმარტა, ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასებზე კონტროლს არ ახორციელებს.

ჟურნალისტებმა მინისტრს კითხვა უფასო მშობიარობის საკითხზეც დაუსვეს, რაზეც სერგეენკომ განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი დამუშავების პროცესშია და 1-ელი ივლისისთვის იქნება მზად.

დავით სერგეენკოს განმარტებით, მიმდინარე წელსაც უფასო იქნება სკრინინგის პროგრამა და პროექტის თანახმად, ყველა მოქალაქე შეძლებს გამოკვლევები ჩაიტაროს სიმსივნური წარმონაქმნების ადრეულ პერიოდში გამოსავლენად.

"ეს პროგრამა გრძელდება და ჩვენ გვაქვს მიდგომა, თუ როგორ გავაუმჯობესოთ პროგრამა, რომელსაც მთლიანად ხელისუფლება აფინანსებს",-განაცხადა დავით სერგეენკომ.
დავით სერგეენკომ ისიც აღნიშნა, რომ სიახლე არ არის სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვეულთა მკურნალობის დაფინანსების პრობლემების თემა. მინისტრის განმარტებით, სადაზღვევო კომპანიებსა და პაციენტებს შორის წარმოქმნილ დავებს მიედიაციის სამსახური სწავლობს და განიხილავს.

გარდა ამისა, დავით სერგეენკომ ახალციხეში შექმნილ პრობლემაზეც ისაუბრა, კერძოდ საუბარია "ჩემი ოჯახის კლინიკის" ექიმების გაფიცვაზე. როგორც მინისტრმა განაცხადა, "ჩემი ოჯახის კლინიკა" კერძო სამედიცინო დაწესებულებაა, სამინისტროს აქვს ურთიერთობები ამ კლინიკასთან, თუმცა კერძო კამპანიის პოლიტიკაში ვერ ჩაერევა და მხოლოდ სამედიცინო ხარისხის გაკონტროლება შეუძლია.

ასევე, მინისტრმა ისაუბრა სოციალური მომსახურების სააგენტოს შესახებ, მას ახალი ფუნქციაც დაემატა და შეიქმნა ზარალის ადმინისტრირების დეპარტამენტი. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური იყო, რომელზეც ნოე ქინქლაძე უკვე დაინიშნა. ნოე ქინქლაძე პროფესიით ფინანსისტ-ეკონომისტია.

დავით სერგეენკომ ჟურნალისტების იმ კითხვაზეც უპასუხა, რომელიც განათლების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას ეხება.

"თუ გახმაურდა ეს ინფორმაცია, რეალიზებულიც იქნება და პოზიტიურად ვარ განწყობილი ამ საკითხისადმი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრმა თბილისში სოციალურად დაუცველ უსახლკარო მოქალაქეებზეც გააკეთა განცხადება. როგორც სერგენკომ აღნიშნა, მათი დახმარება არა მარტო ჯანდაცვის სამინისტროს, არამედ ყველა სახელმწიფო უწყებისა და ნებისმიერი მოქალაქის ვალია. თუმცა არსებობს კანონმდებლობა, რომელშიც საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა მოექცეს.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგენკოს განცხადებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სურვილია, 2013 წელი ქვეყანაში გამოცხადდეს არტერიული ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლის წლად და აღნიშნული ინიციატივა საქართველოს ჯანდაცვის უწყებამ უკვე მიაწოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას.