ფერმერებისთვის კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყება

ფერმერებისთვის კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყება

ფერმერებისთვის 11 თებერვლიდან კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ სამინისტროს მუშაობის 100-დღიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი განმარტებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი 640 ათასზე მეტ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება, ვისაც საკუთრებაში 0-დან 5 ჰექტარის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აქვს.

კირვალიძის განმარტებით, მომავალი კვირიდან ფერმერებს დაურიგდებათ ბარათი, რომლის მეშვეობითაც ნიადაგის დახვნასა და გაფხვიერებას შეძლებენ, ხოლო მარტიდან დარიგდება ბარათი, რომელიც გამიზნული იქნება ნედლეულისა და ინვენტარის შესაძენად.

"0.25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა. 0.25 ჰექტარიდან 1.25 ჰექტარის ჩათვლით მიწათმესაკუთრეები, რომელთაც გააჩნიათ სახნავი ფართობი, მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით. ის ფერმერები, რომელთაც აქვთ 0.25 ჰექტარიდან 1.25 ჰექტარის ჩათვლით მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით, რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან, ხოლო 1.25-დან 5 ჰექტრამდე სახნავი ფართობის, ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს", - განმარტა კირვალიძემ.

მისივე თქმით, მარტიდან იგეგმება სამი სახის საკრედიტო პროდუქტის ამუშავება. კერძოდ, მცირე ფერმერებს საშუალება ექნებათ მიიღონ უპროცენტო სასაქონლო კრედიტი საწარმოო სეზონის დასაწყისში და დასრულების შემდეგ ისინი გადაიხდიან კრედიტის გაცემის მომენტისთვის დაფიქსირებულ საცალო ფასს დამატებითი პროცენტის დარიცხვის გარეშე.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, დიდი და საშუალო ფერმერების ხელშეწყობა განხორციელდება იაფი კრედიტებით უზრუნველყოფის გზით.

კირვალიძის განცხადებით, ასევე დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რაც გულისხმობს მოსავლის აღების შემდგომი ნებისმიერი სახის პროდუქციაზე დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის, ასევე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების ინიციატივების იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ასევე წელს გაიხსნება სოფლის მეურნეობის მინიმუმ 60-მდე გადამამუშავებელი საწარმო, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ფუნქციონირებას 2013 წლის მარტიდან დაიწყებს.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, პრინციპულად არის შეცვლილი მიდგომა სოფელთან და სოფლის მოსახლეობასთან, რათა სოფელში მცხოვრებმა ადამიანმა თავი საზოგადოების ღირსეულ წევრად იგრძნოს და რეალურად აქტიურად ჩაერთოს ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში.