უახლოეს დღეებში საქართველოში რუსი სპეციალისტების სამი ჯგუფი ჩამოვა

უახლოეს დღეებში საქართველოში რუსი სპეციალისტების სამი ჯგუფი ჩამოვა

უახლოეს დღეებში საქართველოში რუსი სპეციალისტების სამი ჯგუფი ჩამოვა, რომლებიც რუსეთის ბაზარზე პროდუქციის შეტანის მსურველ კომპანიებს შეამოწმებენ , - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ სამინისტროს მუშაობის 100-დღიანი ანგარიშის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

მინისტრის განმარტებით, ქართული დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში წარმატებით დასრულდა და, სავარაუდოდ, ქართული სასმელები რუსულ ბაზარზე გაზაფხულზე შევა.
კირვალიძის თქმით, მთავრობის ფორმირების პირველივე დღიდან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნის საკითხზე და ამ კუთხით გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები.

მინისტრის განმარტებით, რუსი სპეციალისტების ჯგუფი შეამოწმებს ყველა იმ კომპანიას, რომელიც სურვილს გამოთქვამს, პროდუქცია რუსულ ბაზარზე გაიტანოს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, პოზიტიური გადაწყვეტილებებია მიღებული ღვინის, ალკოჰოლური სასმელებისა და წყლის მიმართულებით, ხოლო ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე დიალოგი გრძელდება. კირვალიძის თქმით, აღნიშნული დიალოგი "ძალიან მალე ლოგიკურ დასასრულამდე მივა".

ამასთან, მისივე განმარტებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, რუსულ ბაზარზე გავლენ, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ საქართველოდან პროდუქტი რუსეთში ვერ გავა იმ შემთხვევაში, თუ ღვინის სააგენტომ საბუთი არ გასცა.

დავით კირვალიძის თქმით, ქართული ღვინო ხარისხს დააკმაყოფილებს. მისივე განმარტებით, რუსეთის ბაზარი ძალიან კარგია, თუმცა არსებული ბაზრების შენარჩუნება აუციელებელია "და ეს ქართულ ინდუსტრიას ძალიან კარგად ესმის".