გიორგი კანდელაკი - ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით

გიორგი კანდელაკი - ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით "სრული ფიასკო" და "კატასტროფა" ვლინდება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 100 დღის თავზე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით "სრული ფიასკო" და "კატასტროფა" ვლინდება. 

როგორც კანდელაკმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ამის "თვალშისაცემი და კაშკაშა მაგალითების კასკადი დაგროვდა, რომელიც ცხადყოფს, რომ ახალი ხელისუფლების საქმიანობა საქართველოს უსაფრთხოებას ძირს უთხრის". ამის მაგალითებად დეპუტატმა რუსეთის ჯაშუშობაში მსჯავრდებული პირების გათავისუფლება და მათი პოლიტიკურ პატიმრებად გამოცხადება, აფხაზეთის გავლით რკინიგზის პროექტის აღდენის იდეა, დასავლური ინსტიტუტების მიმართ "აგდებული დამოკიდებულება" და რიგ რაიონებში სტალინის ძეგლების აღდენა დაასახელა.

"ამის მაგალითია უარყოფა ჩვენი ინიციატივისა, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რაც ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გრძელვადიან გარანტიებს შექნის. ზეაგრესიული დამოკიდებულება, რომელიც გამოავლინა პრემიერ-მინისტრმა და პარტიიისა და მთვრობის რამდენიმე წამყვანმა ლიდერმა, ჩემი აზრით, სხვა არაფერია, თუ არა თვითლუსტრირება. თქვენი მოღვაწეობის ასი დღის თავზე საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სრულმასშტაბიანი ფიასკოა, რომლის არდანახვაც სიბრმავე იქნება", - აცხადებს გიორგი კანდელაკი.