სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპი უქმდება

სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპი უქმდება

სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპი უქმდება. შესაბამისი ცვლილება "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" შედის. კანონპროექტის მიხედვით, დანაშაულის ერთობლიობისას საბოლოს სასჯელისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან/და ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. ამასთან, რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობას, შესაძლებელი იქნება სასჯელთა ნაწილობრივ, ან მთლიანად შეკრება, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამ შემთხვევაშიც არჩევანს გააკეთებს მოსამართლე კონკრეტული საქმის კონკრეტული გარემოებებისა და განსასჯელის პიროვნებიდან გამომდინარე. შედეგად, საბოლოო სასჯელი ავტომატურად შერჩეული კი არ იქნება, არამედ საქმისადმი მისადაგებული და ადეკვატური.

აღნიშნულ ცვლილებებს ექნება უკუძალა იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელი დაენიშნა ცვლილებების ძალაში შესვლამდე არსებული წესის შესაბამისად.

წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს კონკრეტულ ვადას, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სასამართლოსთვის მიმართვა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.

კანონპროექტის ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი იწვევს გაუმართლებლად მკაცრი და არაადეკვატური სასჯელების შეფარდებას, რაც თავის მხრივ უსამართლობის განცდას ამკვიდრებს. ამ პრინციპის არსებობა ასევე იწვევს გრძელვადიანი პატიმრების რიცხვის ზრდას საქართველოში და სასჯელაღსრულების სისტემის გადატვირთვას.

"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" და "საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის" კანონპროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე უკვე მოხდა. საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის.