ცხინვალი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ცხინვალი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ლენინგორის რაიონში ქართული გაზის მიწოდების საკითხი აქტუალური აღარ არის. ოსური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ანცხადებას გამოეხმაურა.

"2008 წლის ომის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ სერთაშორისო შუამავლების მეშვეობით არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით, მომხდარიყო ბუნებრივი აირის მიწოდება ლენინგორში მცხოვრები მოსახლეობისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ აქ ძირითადად ქართულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს", - განაცხადა ჯიოევმა.

მისივე თქმით, მიუხედავად ეუთო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ოთხწლიანი თხოვნისა, ქართული მხარე ამაზე არ თანხმდებოდა."მოცემულ მომენტში კი, ეს საკითხი აქტუალური აღარ არის",-განაცხადა ჯიოევმა.

როგორც მან აღნიშნა, ე.წ. მთავრობამ "ლენინგორთან" სატრანსპორტო კომუნიკაცია დაამყარა და ახლა წყდება რაიონისთვის გაზის მიწოდების საკითხიც.

"რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის დანარჩენ ნაწილს, ის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილია, რომელიც 2009 წლიდან რუსეთიდან შემოდის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლენინგორში ქართული გაზის მიწოდების საკითხი აქტუალური აღარ არის",-დასძინა ჯიოევმა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, მთავრობა გაზის შეყვანას ცდილობს.

"გუშინ მთელი საათი ვსაუბრობდით მე და პაატა ზაქარეიშვილი, რომ მოვახერხეთ, მივიყვანეთ გაზი და ახლა ფასებია დასაზუსტებელი", - განაცხადა ივანიშვილმა 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.