გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება

გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება. გარემოს დაცვის სფეროში რეფორმების გატარების მიზნით, 43 კანონპროექტიანი საკანონმდებლო პაკეტია მომზადებული, რომლის განხილვაც, პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.
პარლამენტში წარდგენილი პაკეტით, გარემოს დაცვის სამინისტრო რეორგანიზებული იქნება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - ენერგეტიკის სამინისტროდ.

ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროს ის ფუნქციები დაუბრუნდება, რომლებიც, წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა.
კერძოდ, ბუნებრივი რესურსების სააგენტო ენერგეტიკის სამინისტროს ფარგლებიდან გამოდის და გარემოს დაცვის სფეროს უბრუნდება. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტრო კვლავ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ ჩამოყალიბდება.

ამას გარდა, ცვლილებები შედის "საქართველოს წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შესახებ" კანონშიც, რომლის მიხედვითაც, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ გარეულ ცხოველებზე ნადირობის აკრძალვა მოხდება, თუმცა, ზოგადად ნადირობა მთელ რიგ დაცულ ტერიტორიებზე აიკრძალება.
კერძოდ, კანონპროექტით იკრძალება ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა.
ცვლილებებით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში - გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამედიცინო მიზნებისთვის, რაც სამინისტროს წერილობით საფუძველზე განხორციელდება.

ამას გარდა, ცვლილებებით, სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით წარადგენს.
ამასთან, მომზადებული ცვლილებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო იქმნება, რომელიც სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხს გადაწყვეტს.
ასევე ცვლილებებით, ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში, აღვეთილში, დაცულ ლანდშაფტში და ტყის ფონდის ტერიტორიებზე.

გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებებით, იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულება, ასევე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ემატება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იქნება უფლებამოსილი ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული ლიცენზიების გაცემაზე. ჩამოყალიბდება კონტროლის დანაყოფი, რომელიც ბუნებრივი რესურსების გამოყენების კანონიერებას შეამოწმებს, გააკონტროლებს გარემოს დაცვის კუთხით შექმნილ ვითარებას და შეებრძოლება ბრაკონიერობას.
"ამით გარემოს დაცვის სამინისტროში უმნიშვნელოვანესი რეფორმები იწყება. აღნიშნულ უწყებას მიეცემა ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაკისრებული მოვალეობა სრულფასოვლად განახორციელოს", - აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც მთავრობის მიერ მომზადებულ შესაბამის საკანონმდებლო პაკეტზე მთავარი თანამომხსენებელია.

დაახლოებით ორი წლის წინ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია გახორციელდა, რომლის ფარგლებშიც უწყების მმართველობის სფეროში შემავალი მთელი რიგი სფეროები სხვადასხავა სახალმწიფო უწყებებზე გადანაწილდა.