პრეზიდენტმა ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს კვლავ ახალი კანდიდატურები წარუდგინა

პრეზიდენტმა ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს კვლავ ახალი კანდიდატურები წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს კვლავ ახალი კანდიდატურები წარუდგინა . კერძოდ, პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს ცსკ-ის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ნინო კიკალიშვილისა და გია გარსევანიშვილის კანდიდატურები შესთავაზა.

ნინო კიკალიშვილი 2011-2012 წლებში მუშაობდა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად. 2011 წლიდან კი არის ააიპ "დემოკრატიის ქსელის" გამგეობის თავმჯდომარე.

გია გარსევანიშვილი კი 2010 წლის 2 მარტიდან დღემდე არის აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტს კანდიდატურები ორჯერ წარუდგინა, თუმცა, დეპუტატების უმრავლესობამ მხარი არც ერთ მათგანს არ დაუჭირა.