ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში არც ერთი

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში არც ერთი "კანონიერი ქურდი" ციხის გარეთ არ იმყოფება

საქართველოში არც ერთი "კანონიერი ქურდი" ციხის გარეთ არ იმყოფება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში , გადაცემა "პოზიცია"-ში განაცხადა. მისივე თქმით, ახალი ხელისუფლება კრიმინალებთან თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

"ისინი ან უნდა იყვნენ ციხეში, ან არ უნდა იყვნენ საქართველოში. ესა თუ ის ქურდი თუ იმყოფება საზღვარგარეთ, რა საფრთხე უნდა შექმნან არ ვიცი. ესეც პოლიტიკური ოპონენტების აგორებული თემაა. ისინი მიზანმიმართულად სტრესავენ საზოგადოებას და არ სურთ ხალხს მისცენ საშუალება, რომ თავისუფლება გაიაზრონ. სასაცილოა, რომ საქართველოდან გაძევებულმა ქურდებმა გარედან რამე მოაწყონ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ლუკა კურტანიძესა და ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილის დაპირისპირების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან მომხდარზე არც ერთი მათგანი არ საუბრობს. "შესაბამისად, ეს კერძო კონფლიქტია და შსს-ს არ აქვს დრო, ჩაერიოს ორ ინდივიდს შორის გაუგებრობაში. ამ საკითხს პროკურატურა სწავლობს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.